პირადი წერილები

Posted: 05/11/2013 in გურამ რჩეულიშვილი

gurami( წერილები მეგობრებს )

ბორჯომი, შუშის ქარხანა, მთავარ ინჟინერ სიმონ ჭანკვეტაძეს (ნუგზარისათვის). თელავი, გურამ რჩეულიშვილი
იდეები, იდეები და იდეები!
(ფულები კი არსადაა) მოკლე შინაარსი ჩვენი დროსტარებისა.

გამარჯობა ნუგზარ! გწერს და ყველა კარგს გისურვებს შენი ძმაკაცი ვამეხ რჩეულიშვილი. მანდაურ ამბებს ვირდგენ. აქ ღვინოა, რომელზედაც აგრე მღერიან: “სმა და სმა უნდა ღვინოსაო“. ბიჭები ლოთობენ.

მე მოწმე ვარ (არ დამელევა, შენს ჩამოსვლამდე თავს ვიჭერ):
საქმეზე: გელით მოუთმენლად 25 ივლისს, დილით. წინასწარ დეპეშა გამომიგზავნე, ხინკლის შეკვეთას მივცემ.
ჩამოდი აუცილებლად.
მოგიკითხეს თენგიზმა, ედიმ, დედამ, მარინემ.
გელით ქართული გულით.
მოიკითხე ნათელა და ილია დიდის პატივისცემით.
შენი გურამი,
თელავი, 1953 წლის 7 ივლისი.

ჩემო ნუგზარ, კარგად ვიმგზავრე. ჩამოვედი და მშვენივრად მოვეწყე, მთის ქუჩაზე, მოხუც დიასახლისთან. ქუჩის სულ ბოლო სახლია, ტყესთან, რომ ამოხვალთ, იკითხეთ მიქაბერიძის ბინა. ორსართულიანი სახლია. მეორე სართულზე მომცეს პატარა ოთახი. რაც მთავარია მაგიდა დგას, სადაც შეიძლება წერა.

ნახევარ დღეზე მეტი პარკში ვარ. ისე მომნატრებია თხილამურებით სრიალი, დაღლას ვეღარ ვგრძნობ. დღეს კოხტაზე ვაპირებ ასვლას. ჯერჯერობით მზიანი და უქარო ამინდია, ცოტა ხალხია ჩამოსული. სიწყნარეა, რაც მე მჭირდება. მარტოობა როცა საწერი დაგიგროვდება და გინდა განთავისუფლდე, არ არის ცუდი, მაგრამ მაინც მოწყენილი ვარ. წამოსვლა არ გადადოთ, გამოცდებს დაამთავრებთ თუ არა, იმ ღამესვე წამოდით…

შენი ძმა გურამ რჩეულიშვილი.
იანვარი, 1954 წელი, ბაკურიანი.

______________________________________

ჩემო ნუგზარ!
როგორც მოგეხსენება, ბედი მწყალობს (რა თქმა უნდა, ქეიფში). ზუგდიდში ჩამოსვლისთანავე შემხვდა დუგლას ჯაფარიძე. კვლავ დროსტარება. ის დღე ქეიფში გავატარე და ღამე მთვრალი წავედი სვანეთში. მესამე დღეს ადგილზე ვიყავი.
ბუბნი ერთ ამბავშია. ჩიკო. გიგი.

აგი. ომარი და სხვანი.
მომწერე წერილი.

ბიჭო, მომწერე გამოცდილების ამბავი. თუ ცუდი რამეა, დამიმალე. როგორც გთხოვე, თამილას უთხარი მომწეროს, თუ სად იქნებიან და როდის. შენც მომწერე და თენგიზმაცწერილი ხუთი დღით ადრე გამომიგზავნეთ ხოლმე, თუ გინდათრომ მივიღო.
გავდივარ მწვერვალზე.

შენი გურამი. 1955 წლის 19 ივლისი.
ჩვენებთან გადადი და უთხარი მიშა შენგელია ჩამოვიდა და თქვა გურამი კარგად არის-თქო. წერილი არ დამიგვიანო.

____________________________________________

ჩემო ნუგზარ! ამ წერილს გწერ პირდაპირ გათხრებიდან.

ვმუშაობდი. დავიღალე. ახლა ვზივარ. ვისვენებ. თავზე მექსიკელივით ფართოფარფლებიანი ქუდი მახურავს, რადგან საშინლად მწველი მზეა.
სულ რამდენიმე დღეა, რაც აქ ვარ და ისე მგონია თვეები გავიდა თქვენთან დაცილების მერე. გახსოვს რა კარგი იყო ბორჯომში, სიგრილე, დარდის დავიწყება, ქეიფი მეგობრებთან, ნიაზის ხუმრობები, რუსიშვილის სიმღერა, შოფერი გრიშა. კიდევ შეიძლებოდა დარჩენა, საშუალება რომ გვქონოდა.

თუ დრო გქონდეს წამოიყვანე ბიჭები და ჩამოდით, ან თუნდაც ერთი დღით მოახერხე ჩამოსვლა ვინმესთან ერთად. ქართლშიც არ არის ურიგო ღვინოები, სულ კახური ხომ არ გინდათ რომ სვათ.
ძალიან მენატრებით და ყოველდღე ვოცნებობ როდის შევიკრიბებით. მე მეტისმეტად მოწყენილი ვარ, უფრო მეტად საღამოობით. ჩემს თავს ვამშვიდებ ხოლმე, რა ცუდად დამთავრდა ყველაფერი: შენც ბევრი განერვიულე, თუ სადმე შეგხვდეს, არაფერი აგრძნობინო.
ჩვენთან გადადი და უთხარი, რომ კარგად ვარ. ვკითხულობ. ვწერ. ხანდახან მუშებთან ვსვამ.

მომიკითხე ედი, ბორია, ნოდარი, გურამი, თენგიზი, შალიკო, თემო, ჯურხა, რეზო და სხვები, ვისაც ვახსოვარ. ველი პასუხს. შენი ძმა გურამი.
აგვისტო, 1955 წელი, ს. ხოვლე.

_______________________________________

ჯურხა მომილოცია. ძალიან გადარჩი, მართლა ბედი გქონია, შენ რომ წახვედი იმავე დღეს-საღამოს ჩამოვიდა მავრი, ღირსეულად იჯდა ბანოვანთა შორის „ზიმში“
გააჩერა. ერთად ვიცურავეთ. მთელი ჩვენი ოჯახიც იქ იყო.

მერე მამა წავიყვანეთ ათონის მონასტერში. ნოდარი, გოგი და მე დავრჩით, მამა კი წამოვიდა. უღმერთოდ მომინდა სმა. ნიდარისა და გოგის ვთხოვე _ ერთმა 20, მეორემ _ 25 იკისრა, წავიდნენ სახლში ფულის მოსანახად. მე კი ვიჯექი მთელი საათნახევარი და მართლა ვტკბებოდი ჩემს წინ გადაგრაგნილი ზღვის ფერითა და ხეობის სიმშვენიერით. ჰარმონიას ავსებს მთაზე დადგმული ლამაზი ახლი. ნამდვილად ამშვენებს ადამიანი ბუნებას.

მოკლედ შემიყვარდა ამ საღამოს ჩვენი პლანეტა. ალბათ მოვა დრო, როცა (შეიძლება ჩვენ ვერ მოვესწროთ) განვითარდება ასტრონომია, საპლანეთაშორისო მოძრაობა, რომ ადამიანი ისევე შეიყვარებს მთელ დედამიწას, როგორც დღეს ჩვენ, თუნდაც შენ და მე საქართველო გვიყვარს. ვუყურებ და უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, რომ ამ სიმშვენიერეში შეიძლება კაცმს კაცს აწყენინოს.ახლა ხეობას ზევით ავაყოლე თვალი. ცოტა გამოფუჭდა გუნება. ხუთი-ექვსი უნიჭო სახლი მართლა უადგილო ადგილას იდგა. უმოძრაოდ ვიჯექი, მაგრამ ტვინი არ ისვენებდა. ზედი-ზედ მომივიდა რამდენიმე საყურადღებო აზრი.

გადავწყვიტე მეორე დღესვე გამეკეთებინა.
ცხრა საათზე მავრი, ნოდარი, გოგი და მე შევხვდით. ათონის მონასტრის გადაკეთებულ სასაუზმეში ვისხედით. სმა წავიდა ღირსეული. დრო გადიოდა. კარგა დავთვერი. მავრი და მე ანგარიშს ვუსწორებდით, რომ მომესმა ნოდარის ხმა __ გურამ აქეთ, გვცემენ. გავვარდი __ რას დაინახავ __ აფხაზები, როგორც მერე გამოირკვა…

ტყუილ-უბრალოდ ან შეცდომით დახვდნენ ბიჭებს და უბათქუნებენ. სანამ შემეძლო მოგერიება ვიგერიე, მაგრამ ნათლიმამამ მიღალატა და ორმოში ჩამივარდა ფეხი-ბლომად იყვნენ, შემდგნენ წიხლებით. ერთი წიხლი კი მომდეს ყბაში, მე სწრაფად გავაკეთე მკვდარი დაცვა და დავიძინე. როგორც ეტყობა კაი ხანს მირტყეს, ადგომის არც თავი მქონდა, არც სურვილი. დავინახე, რომ გოგის და ნოდარს ხელს აღარ ახლებდნენ.
როცა გავიღვიძე მარტო ჩვენი ბიჭები იყვნენ. მავრისთვის გულზე დანები დაუდვიათ ისე ჰყავდათ გაჩერებული. მე კარგად აღარ მახსოვს.

გამოვსულვარ ღრიალით, ლანძღვით, საცეკვაო მოედანზე ვეძებდით იმათ. უშედეგოდ, კიდევ კარგი-ალბათ კიდევ დაგვბეგვავდნენ- ძლივს ვიდექით ფეხზე. მავრიმ 300 მანეთი დახარჯა.
დღეს დილით გავიღვიძე, ვიხედები სარკეში __ რას ნახავ-ყბა გასიებულია. ეგ არაფერი. ნოდარი გავგზავნე ჩვენებთან. ღამე გოგი ცუდად ყოფილა. ვიყიდებით.

მართალია, იმ ღამესვე ნოდარი შევგზავნე ლიდასთან, გამოვიდა, სისულელეები ვილაპარაკე.

დღეს მარინე დაუბარებია( ნუ გეშინია, სიყვარულზე არა!). შენ ლუსიას უკითხიხარ წყენით, რად აურიაო? ვიყიდებით, ნელ-ნელა მეც მწყდება ზღვარზე უოფნა და თავგადასავლები. შეიძლება მალე ჩამოვიდე, თბილისი ძალიან მომენატრა.
ახალი ათონი, 1956 წლის აგვისტო

_________________________________________

გამარჯობა ნუგზარ!
ძალიან მომენატრე. მამამ მითხრა ასე თხუთმეტ წუთში ვნახე თბილისშიო, რა მოგივიდა. ბორჯომში მაინც წასულიყავი, დაგესვენა. მაინტერესებდა კისლოვოდსკის ამბავი, რაღაც ისე შპინტიკობდით, რომ საქმის გამისვლა საეჭვო იყო.

ახლა ჩენზე:
ახალი ათონი მართლა მშვენიერი ადგილია. მთა და ზღვა, რაც მე მინდა. ჩვენები და ნოდარი ცხოვრობენ შიგ ათონში, მე კი მარტო ვარ ათონის ცოტა გარეთ პატარა ოთახში. მაქვს რადიომომღები, პატეფონი, საწერ-კალამი. სმით არა უჭირსრა, ვსვამთ. საერთოდ მინდა თავი დავანებო. “პახმელიაზე“ ხაშის მაგიერ ხანდახან თითო ნოველასა ვწერ და ზედც არყად წერილს ან დღიურს ვაყოლებ.

დღეს არაყი შენზეა.
ბორიას მივწერე წერილი, მინდოდა შენთვისაც მომეწერა, გურამისთვისაც, მაგრამ არ ვიცოდი სად იყავით.
მართლა! აქ არის მავრი ზალდასტანიშვილი, არ ვიცი იცნობ თუ არა. თუ გახსოვს უნივერსიტეტთან მე რომ შურა ვაჩნაძესთან ერთად მივდიოდი სამხედროზე, შენ და ზურღანა მოხვედით. მაშინ იყო მანქანით მოსული, ვიღაცას ეძებდა, შევგვრემანი ბიჭია, ჩემზე ცოტა დაბალი. მოკლედ ძალიან კარგი ბიჭია. რამდენიჯერმე უკვე გვაპურმარილა.
ერთი კვირის წინ გიგიასთან ერთად ვიქეიფეთ (გოგიც აქაა ჩემი ბიძაშვილი) და აფხაზებმა მაგრად გვნაყეს. ტყუილად. მე ძალიან მთვრალი ვიყავი, დანა მომიქნიეს, მაგრამ ხელით ავიცილე, მერე ფეხი თხრილში ჩამივარდა.

ზედ შემდგნენ და ისე მბეგვეს. ერთი ოცი კაცი მაინც იყო.
გოგოებს არ ვეტანები. ისე არიან. კარგები თითქმის არ მოიძებნება. მესამე დღეა რაც ჩამოვიდა გივი მაჭავარიანი. უზომოდ გამიხარდა მისი მიღება უნივერსიტეტში, ახლა ჯავახიშვილის სახელობა მისცეს, გივის კი არა, უნივერსიტეტს. მაშინვე დაიწყო გივიმ შპინტრიკი.

ნუგზარ! ჭუღუს უნდა მივართვათ დაფნის გვირგვინი და ფასიანი საჩუქრები ოლიმპიადაზე საუკეთესო ნაწარმოების წარდგენისათვის. შენთვისაც მომილოცნია __ ბევრი იწვალე.
ბიჭო! რო იცოდე რა ლამაზი სახლი მაქვს თავისი ფანჩატურით ზედ ზღვაზე, ნეტა შეიძლებოდეს ჩამოხვიდე. ძია აკაკის მერიდება, თორემ აქამდისაც დაგპატიჟებდი. ხო იცი, ასეთი წერილიდან დაეწყო ყველაფერი.
მე უმეტესად მოწყენილი დავდივარ. უთქვენიდ მიჭირს, თან ზღვა აყენებს კაცს ნაღვლიან ხასიათზე.
ჩემთან ერთი კვირით სტუმრად იყო ჯურხა. აქ ყოფნისას რამდენიმე გენიალური აზრი მოუვიდა. ერთი რუსების შესახებ.

“რუსები არიან ცივილიზაციის სანაგვე ყუთში ამოთხვრილი, გამაიმუნების გზაზე დამდგარი ადამიანები“ და სხვა. ამ აზრზე დააყენეს რუსმა ქალებმა საცურაოზე პამიდორის ჭამის დროს. ისე ძალიან კმაყოფილი და მხიარული იყო. გოგოც გაიჩინა.
ნახვამდის!
დიდი პატივისცემით და სიყვარულით მომიკითხე დეიდა ცუფა და ძია აკაკი, აგრეთვე ჯონდო და გობრონი.
ჩემს მაგიერ აკოცე ან თავში ჩაარტყი კომპოზიტორ რუსიშვილს, უთხარი წერილის მოწერა მინდოდა, მაგრამ რუსთაველის რა ნომერია ვერ გავიხსენე, ჯიგარო.
მომიკითხე თბილისი. აქ მინდა სექტემბრის 10-მდე დარჩენა.
მართლა, თუ ნოდარ დიდიძე ან ფარვიზა ნახო, უთხარი თქვენი ძმაკაცი მამია აქ არის-თქო. გუშინ გვაქეიფა. ოქრო ბიჭია.
ჩამოსულა დოდო და ალეკო.
ნახვამდის.
თავადი გ.

რჩეულიშვილი.
წელი 1956, აგვისტო 23
პ.ს.დღეს ვზეიმობთ ნოდარ ზედელაშვილის დაბადების დღეს. აქ არის მარინა კერესელიძე თავისი ძმით. მოკლედ დიდი ამბებია.

__________________________________________

ნუგზარ, ნოდარ, ბორია!

მე მოვკვდე, (ჩემი სიკვდილი რათ გინდა) ძალიან, ძალიან მომენატრეთ. უთქვენოთ თბილისი ჩემთვის ცარიელია. მარტო რუსიკო მაძლებინებს. ჯიგარომ სულ გააფრინა: ახლა სხვა უყვარს! ხელზე “ნაკოლკა“ გაიკეთა: ლ.გ.
“ფარშევანგი ამოფრინდა აბრეშუმის
ბუდიდან, ლეილ, შენი სიყვარული
არ მშორდება გულიდან“.
ახლა სუფრაზე ლიზიკოს სიყვარულის შესანდობარი ისმება. ეჰ, ჯიგარო, რას იზამ! ჩემანალა ბაკურიანში ახტა, გელა უნდა ვგცემო, რაღაში მჭირდებაო.

მართლა! ბაკურიანში გატარებული ათი დღიდან ორმოცდათექვსმეტჯერ იყო თამადად, ასოთხჯერ არწყია, ოციათასამდე კაცი ცემა: გოგოები იძახდნენ ნეტავ მაგის საყვარელსაო, დედები გაიძახოდნენ: ნეტავ დედამისის მზესაო, სომხები გაიძახოდნენ: ლავე ბიჭო არის ესაო!
ერთხელ ფოტოგრაფს აუხტა: ბაკურიანელები გაიძახოდნენ: ჩამო მარხილიდან(“ტაჩკიდან“) თორე დედას… და აბა, თქვი ჭ-ო და სხვა.
ერთი სიტყვით, როგორც ატყობთ, მეც გამოვყეყეჩდი (მა რა იქნებოდა ათი დღე “მერზავეცთან“ ვცხოვრობდი). ჩვენთანვე იყვნენ: ქოქლან(საიდანო, იკითხავთ), სიხარა (“როჟე“), მერაბ ელიოზიშვილი ექვსი ბოთლი ენისელის მარკის კონიაკით.
ჩამოსვლამდე დეპეშა დამირტყით: “ვსტრეჩა“, ჯიგარო, ჟელტუხინი და ამბავი, რუსიშვილს წერაც დაავიწყდა, ასოებს ვეღარ არჩევს და მის მაგივრადაც მე ვწერ, არც დრო აქვს წერის, ვერც ვხედავ(ლეილა, ჯიგარო).
ნახვამდის. გ. რჩეულიშვილი
1956 წლის თებერვალი, ბაკურიანი.

პ.ს.
ნუგზარ, დღეს ვნახე კოშევოი ვიქტორ. მოდიოდა რუსთაველზე, ჩიჩოტკას ურტყამდა: ათი დღეა ცეკვის კურსებზე ვარო. წერილებსა გწერდითო.

პატივი ვერ ვეცი. დუშეთში მოდიოდა. მახლას.
1. ნუგზარ წერეთელი, ნოდარ ზედელაშვილი, ბორია ინასარიძე _- გურამ რჩეულიშვილის უახლოესი მეგობრები. სამოგზაუროდ პეტერბურგში წასულებს მისწერა გურამმა საერთო წერილი.
2. გურამ რუსიშვილი _- გურამ რჩეულიშვილის უახლოესი მეგობარი.
მარკა არ არის აქ, საიდანაც წერილს გიგზავნი, მანეთის ზარალი უნდა გაჩვენო.

ძმაო ნუგზარ, როგორ არის ძმა გობრონი, შოთა და ძმის შვილი გურამ რუსიშვილი. გოგლასგან აღტაცებული ვარ, ერთი დღეც რო დარჩეს?! ჩაკუპატებული ბიჭია, მღერის გიტარაზე რომანსებს, ქალებს აბამს, ერთი სიტყვით მთელი მოსკოვი ხელში უჭირავს. ლევანის შეყვარებულს ძალიან მისწინხარ, აღტაცებული დარჩა რო გაიგო შენი ძმაკაცი ვიყავი.
მე ხოშიანად მოვეწყე, ყველაფერი საკუთარი მაქვს, ცალკე, გოგოს გარდა სხვათაშორის მე ერთი ქართველი ვარ, რომელიც მოსკოვში უკვე ათი დღეა და არ ჰყავს დაქერილი არავინ, ვახო ჟღენტი უფრო გახმა __ უკვე ხუთი დაქერა. ერთად ვჭამეთ პური ვაგონ-რესტორანში და აქაც, გოგლას ბინაზე, მერე ჩემთან შევუბერეთ. მეორე დღეს ___ “ნოვოსეკიე“ _- ვიღაც რუსებმა დაგვპატიჟეს ბარში __ ერთი სიტყვით შეუდარებელია __ კარგი ბიჭია საერთოდ.

ბორიას ჩააკითხეთ, მე მისამართი არ ვიცი თორემ წერილს მივწერდი.
ნოდარიმ მოიწეროს __ არც მაგისი მისამართი ვიცი.
გურამს უკვე აღარაფერი უჭირს, გზაზეა დამდგარი და ეგ არის.
თინასთან ხომ არ გიშუხურია?
სამუშაო თუ დაიწყე? ძმა გუარმი.
მოსკოვი, იანვარი, 1958 წელი
ძმაო ნუგზარ!
რუსიშვილის ამბავმა ბევრი ბევრი სიხარულის ცრემლი მადენინა.

ახლა ტელეგრაფში ვზივარ, ისე უსაქმოდ, ველოდი ფულს, მის ნაცვლად შენი წერილი მივიღე__ ღმერთს გეფიცები პირველი თხუთმეტი წუთი დამავიწყდა უფულობა. უფრო ხშირად მოიწერე __ მისამართი იხილე ჯიმის წერილში, რომელიც შენ უნდა გაუგზავნო თბილისში. იქნებ მოახერხო ერთი კვირით ჩამოსვლა. ახლა დავწერ გურამთან წერილს. ლეილა მართლა შესანიშნავი გოგოა _- ჯანსაღად მშურს. გისურვებთ ყველას ეგეთს.
ჩამოსვლას არ ვაპირებ, ალბათ, ძალიან დიდი ხნით.

რა კარგი ხნით ძმაკაცები ვიყავით გახსოვს?! __ ახლა მწყდება გული, რომ ბოლოს ცოტა დავშორდით ამ მოსკოვის გამო.
ბორიას გადაეცი მოკითხვა __ ჩააკითხეთ ხოლმე ხშირად. “ჩორნას“ და ბორიას მისამართები მომწერე, წერილებს გამოვგზავნი.
გურამს საიდუმლოდ გადაეცი __ მეც ყველა გაჭირვებას განვიცდი ფინანსურად, ერთი გამონაკლისით, რომ ცოლი არ მყავს და შემიძლია სადგურზეც გავათენო. მომწერე ზუსტად ვინ გარშემოეწყო ქვიშხეთის ციხეს? როგორ გამოიტაცეთ იქიდან?
ამბობენ მაკარმა საეკლესიო წიგნში შეიტანაო (რედაქტორის უფლებით) ეგ დღე, როგორც წყევლის დღე.
შენი გურამი
მოიკითხე დედაშენი __ გაუფრთხილდი.
თუ შეძლებ გამომიგზავნე მერაბ ელიოზიშვილის მისამართი და გამიგე მამამისის ამბავი. მისწერე, ბიჭო, შენც წერილი __ ცოდოა. შენი გურამი.
ქ. მოსკოვი, 1958 წლის თებერვალი ჩემო ნუგზარ!
თითქმის თვე გავიდა და წერილი აღარ მოგწერე. ალბათ დაკავებული ხარ ქეიფითა და ლამაზი გოგოებით, ან იქნებ წერით ერთობი და ჩემთვის ვეღარ მოიცალე.

ტყუილად ხომ არ უთქვამთ: “თვალი თვალს რომ მოშორდება გულიც გადასხვაფერდებაო“.
ამიტომ გადავწყვიტე მე თავადმა რჩეულიშვილმა თავად მოგწერო წერილი თავად წერეთელს, თავად რუსიშვილისა და აზნაურ ღოღობერიძის მეგობარს, თავისუფალი გლეხების ზედელაშვილისა და ცხვირავაშვილის ბატონს.
ყველანი მენატრებით, ჩემი სახლიც მომენატრა, თბილისიც. მარტოობა წერისათვის აუცილებელია, ფიქრის დროს ხელს არავინ გიშლის, მაგრამ სულიერად მაინც დამთრგუნველია. თავშიც ბევრი უსიამოვნო აზრი მიტრიალებს. თქვენ ყველანი შორს ხართ, ერთად ხართ, მე კი აქ ვარ ერთ ციცქნა ოთახში გამომწვდეული, დღე და ღამ წერით და ფიქრით დაღლილი. ახლაც ვფიქრობდი(როგორც ხშირად): ათი წელი რომ ვიცოცხლო რამდენის დაწერას მოვასწრებ, რამდენი მაქვს გასაკეთებელი, რამდენი აზრი და იდეა მიტრიალებს თავში.
ხანდახან, როდესაც წერას მოვრჩები, ლექსებსაც ვწერ ხოლმე, უფრო მეტად თეთრ ლექსებს.

ზოგიერთი მომწონს კიდეც. ისე შენნაირი რითმის და რიტმის გრძნობა რომ მქონდეს, დარწმუნებული ვარ ბრწყინვალე ლექსებს დავწერდი.
სულ თქვენ მაგონდებით. რამდენს ვიცინოდით, რამდენს ვხუმრობდით. რა სასიამოვნი იყო ის მარტის ბოლო. ვისაც არ უნახავს, ამის გაგება რა თქმა უნდა გაუჭირდება.
ნეტავ აქ იყო. რა კარგ დროს გავატარებდით ერთად, რამდენ რამეს ვნახავდით, რამდენ რამეზე ვილაპარაკებდით, წავიკითხავდით, გავარჩევდით, დავწერდით, ვიქეიფებდით.

სულ მეჩვენება, როგორც იცოდი, მოხვალ და მოულოდნელად მომიკაკუნებ ფანჯარაზე, რომ უფრო გავიხარო. რა კარგია ნაღდი მეგობრობა, რა შეუდარებელი გრძნობაა.
გუშინ სიზმარში შენ, გურამ გეგეშიძე და ედი გნახეთ, ფუნიკულიორზე ვქეიფობდით. იქნებ კარგად აგვიხდეს. სულ ცუდზე ჩემმა მტერმა იფიქროს.
ნუგზარ! სასწრაფოდ გადმომიწერე და გამომიგზავნე ტიციან ტაბიძის ლექსი “შეხვედრა კონსტანტინე ბალმონტთან“. ძალიან მჭირდება მოთხრობებისათვის ან პიესისათვის. ვნახოთ, ამ ლექსიდან მგონი ზუსტად მახსოვს მხოლოდ….
მე აქ ალბათ ერთ სამ-ოთხ თვეს კიდევ დავრჩები, თუ მამაჩემმა მიშამ დაფინანსებაზე უარი არ მითხრა.
ახლა როგორც წესი და რიგი მოითხოვს, მომიკითხე ჩვენი ძმაკაცები (მკითხაობა რომ არ დაიწყო ვინ ვინ არის, საქმეს გაგიადვილებ და ზოგიერთების გვარებსაც მივუთითებ): ედი, ბორია, შალიკო, გურამი(გეგეშიძე), გურამი(რუსიშვილი), გურამი(თიკანაძე), ქართლოსი(სვანიძე), ქართლოსი(ჯაფარიძე), მალხაზი, თენგიზი(ჯაშიაშვილი), თენგიზი(ნაცვლიშვილი), ერლომი, თემო(ბერიძე), თემო(ჯაფარიძე), ჯურხა, ჰასანა, ჟორა, ომარი, ბერდო, გიგუშა(ამათ გვარები არ სჭირდებათ), აგი, ვაჟა, კუზმანა(არც ამათი გვარებია საჭირო), რეზო(ერისთავი), რეზო(ამაშუკელი), რეზრ(თოდუა), ნოდარი(ზედელაშვილი), ნოდარი(ცხვირავაშვილი), ნოდარი(დიდიძე), ოთარი(დიაკონიძე), ოთარი, პუჭურა(იმედაშვილი), ჯიმი დიღმელიშვილი-რჩეულიშვილი, დათო(ჯავახიშვილი), დათო(ღოღობერიძე), ზურიკო(წერეთელი), ძმა გობრონი(იგივე წერეთელი), მერაბი(სიდამონიშვილი ფანცქალათურთ), შოთა(ჩანტლაძე), შოთა(შუბლაძე), შოთა(თანდილაშვილი), ბიძინა(სეხნიაშვილი), ბიძინა(ქუმსიაშვილი), თამაზი(ტოგონიძე), თამაზი(თოფაძე), (მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში ვნახე), თამაზი(ჭელიძე), გოგი(ცინცაძე), გოგი(დენეტრაძე), გოგი ჩემი ბიძაშვილი და ყველა, ვისაც ვახსოვარ.
ფულს, ვიცი, არცერთი არ გამომოგზავნის, საკუთარ დალევას ვერ უღალატებენ.

მე მაგათთვის რომ ვწვალობ და ვშრომობ აინუნშიც არ აგდებენ, მუქთად ისტორიაში შესვლა კი ძალიან უყვართ.
ზემოთ ჩამოთვლილ მართლა ისტორიულ სიას თუ გინდა დაუმატე პეია, ქაქლანა, სეროფა, ალაოტელი, ბოყლოტი, პატაშა, ჩიდანა, ჭურტუ, ბაბაჩა, ბაქირა, და ვინც შენ გაგიხარდება. გოგონების მოკითხვა და ნახვის ნატვრას შემდეგი წერილით გაცნობებ, ახლა კი დავიღალე ამდენი გახსენებითა და ჩამოთვლით.
ბიჭო! ხუმრობას თავი გავანებუთ და იცოდე არ დაგეზაროს წერილისა და ლექსის მოწერა.
ისინი ხომ არ შეგხვედრიათ? თუ შეგხვდა არაფერი აგრძნობინო. ნორმალურად მოიკითხე. რას იზამ, ცხოვრება ასეთია. გახსოვს ჯერ „კირჩხიბზე“ და მერე თამილასთან რამდენი ხანი ვსწავლობდით ინგლისურს. მგონი არავითარი წარმატება არ მოგვიპოვებია.

ველოდები სასწრაფო პასუხს. მომკითხე დიდი სიყვარულით დედაშენი და ძია აკაკი, აგრეთვე მაკარი და ფეფიკო. უცებ „ქეთო და კოტე“ არ გეგონოს.
გკოცნი შენი ძმა გურამ (ვამეხ) რჩეულიშვილი.
აპრილი, 1958 წელი, მოსკოვი,
რუსეთის დედაქალაქი და ყველა არეულის თავშესაფარი

____________________________________________

წერილი დავით ღოღობერიძის
წერილი აზნაურ დათუნა ღოღობერიძეს
მის მეგობარ კეთილშობილი სისხლის მქონე გურამ რჩეულიშვილისაგან
I.

შესავალი (თეზისები)
II. ძირითადი ნაწილი
1. მოკითხვა დათუნას და მისი ჯანმრთელობის გამოკითხვა
2.

დედის მოკითხვა
3. ჩემი ამბავი
4. მარიკას დაბადების დღის მილოცვა
5. მწუხარების გამოთქმა, რომ შურა მღებრიშვილი ვერ მოხვდა
6. აქაური საინტერესო ამბების მოყოლა
7. ღვთის მონების თავად რუსიშვილის, თავად წერეთლის და თავად ინასარიძის შესახებ ცნობები (მოკლედ)
8. ცნობები ზაფხულის ქერაობების შესახებ (არაფერი დაიჯერო)
9.

ფული თუ გააკეთა დათუნამ ზაფხულში, ე.ი. თბილისში თუ იქნება შეხვედრისას პურმარილი.
III. დასკვნა

I. მას შემდეგ, რაც დაგშორდი, როგორც შენც მოგეხსენება, აღარ მინახიხარ.
II. 1. ძმაო დათო, ვიღებ კალამს და ათონიდან გიძღვნი სალამს წრფელი მეგობრული გულის თანხლებით.
თქვენი დიდი თავი ხომ კარგად ბრძანდება, ხომ არ ავადმყოფობთ და სხვა წვრილმანები.
2.

სერიოზულად: როგორ არის დეიდა ფეფიკო? ბიჭო, თბილისში რასაც აღელვებენ ისიც იკმარე და მაქედან მაინც გაუგზავნე ხოლმე ხშირად წერილები, უფრო დამშვიდებით იქნება.
3. მე, როგორც მოგეხსენება ჩემი ამბავი, მე თვითონ არ ვიცი როგორა ვარ.
4. მომილოცნია შენი საყვარელი ბიძაშვილი მარიკას დაბადების დღე, გისურვებ ცხოვრებაში წინსვლას (რა შუაშია?)
მარიკას ვუსურვებ მე-5 კურსის უნივერსიტეტის სახელოვან დამთავრებას, მერე გათხოვებას, როგორც მის მშობლებს, შენ და ჩვენ ყველას გაგვიხარდება. როგორ არის ცისანა, ივიკო, ნანა, ინესა, ტურანდოტი, და ა.შ.
ირინას მამა მიშა…
შენი კი არა, ჩემი ნათესაობა ვერ ჩამომოთვლია ისე ვარ გაბეზრებული სიცხითა და არყით
5. შენი ბიძაშვილი შურა, როგორც შენვე გითქვამს მისთვის __ უმაღლესისათვის სათანადოდ მომზადებული არ იყო და ვერ მოხვდა.

პუპულეც. ახლა ჩემს ვილაში გადმოვყვანე ზღვის პირას, მე ცალკე ოთახი მაქვს, ის და ნოდარ ზედელაშვილი კი ჩემს გვერდზე ოთახში ისვენებენ.მწუხარებას გამოვთქვამ შურას ვერ მოხვედრის გამო.
6. აქ დიდი ამბებია. მხოლოდ მაშინ ვსვამთ, როცა სხვას აქვს ფული (მე, შენც მოგეხსენება, ოჯახი საარყე ფულით არ მეხმარება) სხვას საშუალოდ სამ დღეში ორჯერ აქვს ხოლმე ფული. რაც აქ ვარ, სულ სამჯერ მცემეს მთვრალი, რომ მცემეს აღარ მახსოვს, მხოლოდ მეორე დღეს ვატყობდი “სინიაკებზე“. ოთხჯერ გამოვედი ფხიზელი “დასტოინად“, ოღონდ ქვევიდან. მურტალი ხალხია, კბილებამდე არიან შეიარაღებული რეაქტიული თვითმფრინაქვებით, ტანკებით, ატომური იარაღით (ხომ იცი, ატომის საუკუნეა), ქვებითა და ბლაგვი, ჟანგიანი ჯაყვებით (აფხაზები განვითარების დაბალ საფეხურზე დგანან), აქვთ ხელკეტებიც და სხვა პირველყოფილი იარაღი(ქამრის ბალთების მსგავსი).

აქა ვხურავ დიდ და პატარა ფრჩხილებს __ შენ გახსენი.
7. თავადები რუსიევი, წერეთელი და მთავარი ინასარიძე, როგორც მოგეხსენება, აპირებენ ნუგზარის ჩეხური ფეხსაცმელების სასყიდლად კისლოვოდსკში წასვლას.
გასწი-გაჭიმე, ვარიანტი მგონი “ტუფტა“ აღმოჩნდა. ჯიგარმა რუსიშვილმა კრახი განიცადა, მაგრამ იმედს არ იწყვეტს, თურმე იძახის დედას ვუტირებ გაისად წავალო. ბილეთი უკვე აუღია.
აქ არის გურამის ჩანახატები.
8. აქ იყო გივი მაჭავარიანი. ერთ მშვენიერ ღამეს ჩხუბი ატყდა, მეორე დღეს ერთი ჯენტელმენი მოაყუჩეს, გივი აითესა.

ჩამოვიდნენ იკა და პარჩო: შენს მისამართს ისინი მაძლევენ.
8. ახლა განსაკუთრებით პატივით მინდა მოვიკითხო (მართლა, კინაღამ დამავიწყდა, ადამია ვნახე სოხუმში).
სხვა რასა შვრებით, როგორ ბრძანდებით, ხომ კარგად ა?
ჩემო დათო, ფულს თუ აძლევენ მაგ მხარეში, ხო? რას მეუბნები, ბიჭო, არ შემოგეხარჯოს, მოუფრთხილდი, დაგვჭირდება თბილისში, ხომ იცი სამადლო კარგი პურის საჭმელი ადგილია.
დასკვნა: ამრიგად, შენ, როგორც მითხრეს, კარგადა ხარ, მე როგორც გწერდი ვარ ცუდად (ნაცემი და უქერავებელი).
თავადები თბილისში უნდა იყვნენ. შენ ფულს ალნათ მანდვე დახარჯავ.
გწერს პატივისცემით შენი პატივისმცემელი შენი მეგობარი თავადი გ. რჩეულიშვილი

მთვრალი არყითა და მისი ფანჯრიდან გადაშლილი, ზღვაში არეული არყის ხეების სიმშვენიერით.
წელი 1959.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s