ბანაობა მზის ჩასვლისას

Posted: 21/11/2013 in გურამ რჩეულიშვილი

gurami– ჩამოდი, კაცო, მშვენიერი წყალია, – სიცილით თქვა დედამ და მეუღლეს ხელი მოჰკიდა.
– უცებ, მამა, უცებ, – ქალ-ვაჟი გარს შემოეხვია და ხმაურით ჩაიყვანეს წყალში.
მზე ჩადიოდა. მთელი ზღვა ათასნაირი ფერებით მოიფინა. დედა კისკისებდა, მერე ვაჟს ხელი მოჰკიდა, ეშინოდა წყლის და სთხოვა, ნაპირ-ნაპირ ეტარებინა. ხან შეჰკივლებდა ხოლმე კისკისით, თუ ნიადაგს ვერა გრძნობდა, თან წყლიდან ხტებოდა. სიამოვნებასა ჰგვრიდა ალბათ შვილის ჯანსაღი სხეულის ყურებაც. შვილი კი ასწავლიდა. ჯერ თვითონ ჩაწვა წყალში და ბრასით გაცურა, მერე ბაყაყური აჩვენა, შეეცადა, ზურგზეც დაეწვინა. დედაც ხალისით აკეთებდა ყველაფერს, მაგრამ მაშინვე მიდიოდა ფსკერისკენ, რასაც მოკლე შეყვირება მოსდევდა.
გვერდზე ქალი ასწავლიდა მამას. იგი უფრო ნიჭიერი გამოდგა, პირველივე ცდაზე მთელი სამი წამით გაჩერდა წყალზე; ცოტა ხნის მერე ათ დათვლამდე ავიდა. წყალში მთელი ძალით იქნევდა თავის ზორბა მკლავებს და ათი-თორმეტი მეტრის მანძილზე ისროდა შხეფებს. გოგონა ცდილობდა, სინაზე შეეტანა მის მოძრაობებში, ეხვეწებოდა, ესუნთქა. იგი უჯერებდა შვილს. რამდენიმეჯერ ენერგიულადაც დააღო პირი, მაგრამ ჰაერი ვერ შეისუნთქა. ახლა ბრასის სწავლაზე გადავიდა. მთელი სამი ნაბიჯი გაცურა.

– ოჰო-ჰო! – დაუძახა ძმამ დას, – წამო, შევცუროთ ცოტა.
ორივენი ადგილიდან დაიძრნენ სუფთა, დამუშავებული მკლაურით. მამა ახლო მივიდა დედასთან და ხელი მოჰკიდა. ორივე უსაზღვროდ ამაყი იყო გულში. შვილები საკმაოდ შორს შევიდნენ. დედის სახეზე უკვე შიში გამოისახა. ნაპირიდან სამასიოდე ნაბიჯის მოშორებით გაჩერდნენ ორივენი და გასწვრივ დაიწყეს ცურვა, თან ერთმანეთს უსწორებდნენ სხვისთვის შეუმჩნეველ შეცდომებს.
მამამ დედას ხელი მოჰკიდა: – ისევ ჩემთან მოდი, ჩემო მოხუცო, – და ღიმილით გააცურა წყალზე. მერე პირიქით, დედამ აცურავა.
– ავიდეთ ნაპირზე, პირველი დღეა, მეყოფა, – უთხრა ქმარმა.
ორივენი უხმოდ ამოვიდნენ. ჯერ კიდევ თბილ ქვებზე წამოწოლილნი გასცქეროდნენ მოცურავე ქალ-ვაჟს.
ორივემ მოიწყინა.
„მგონი დაგვივიწყეს“, გაიფიქრა მამამ ოდნავი წყენით და ხმამაღლა თქვა:
– რა კარგა ცურავენ.
– ჰო, მე მაგათი არ მეშინია, – დაუმოწმა დედამ. გულში კი ფიქრობდა, „ვინ იცის, ასე შორს მაინც არ ვარგა. რამე რომ იყოს, არც ერთმა ცურვა არ ვიცით, ნეტა მცოდნოდა”.
მამა ჩაცმას შეუდგა, მერე ნაპირისკენ ბრასით მოცურავე შვილებს გახედა, თან ფიქრობდა: „მაგათ ვენაცვალე, მართალია, ვიტანჯე მთელი ზაფხული გეგმების წერით, მაგრამ მაგათთვის ღირს. არც გაისად გავალ ზაფხულში, ვიმუშავებ, დაე, იცურაონ.” მან მეუღლეს გაუცინა და ხმამაღლა თქვა:
– იცურაონ, მომავალი მაგათია.
ოჰ, როგორ უნდოდა, ყოფილიყო ახალგაზრდა. მისი ქალ-ვაჟი იდგა წყალში და ცურვაზე საუბრობდა.

წელი 1956. 19 აგვისტო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s