დიალოგები

Posted: 22/11/2013 in გურამ რჩეულიშვილი

gurami– ვა, რამდენს ლაპარაკობენ!
– სცივათ.
– ჰოო.
– რა, ჰო, სცხელათ, ზოგიც შეყვარებულია.
– რა ვიცი, მაგათი დედაც ავატირე.
– რო არ შაიგინო, არ იქნება.
– მორჩი, შენი.
– რა ჩემი?
– დედაც ავატირე.
– ჰოო.

ქარია, ცივა

– ჩქარა, დავიხრჩვი.
– ერთი შენი!
– რა ჩემი?!
– ახლა ჩხუბი ატეხე.
– რა ჩემი, თქვი.
– აკი იხრჩობოდი.
– თქვი-მეთქი!
– დაიძრა უკვე.
– ჩახტი მერე.
ლიანდაგი აკოკრებულზე იდგა. მიწა იყო დაქანებული. ორთქლმავალმა სვლას უმატა. ბაქანზე ორნი იდგნენ თოვლში.
– ძლივს არ გავგრილდით?
– ჰო, ქარია.
– ვა, რა ცხელოდა.
– საით მივდივართ?
– მე ვიცი.
– შენ ყველაფერი იცი.
– აბა, როგორ.
– ხედავ, რა ქარია?
– ჰო, მეც შემცივდა.
– ქარია.
– ყურები მაძრება.
– მატარებელშიც ციოდა.
– რა ციოდა, კინაღამ დავიხრჩვი.
– ჰო, ცხელოდა.
– აკი ციოდაო!
– დაიწყე ისევ ჩხუბი.
– არა ვარგიხარ, ისა თქვა.
– რა შუაშია ეგ.
– ისე, დოყლო ხარ.
– მე, დოყლო?
– ჰო, შენ.
– კარგი, ვიყო.
– აკი არა ვარო!
– თუ ძმა ხარ, თავი დამანებე, მცივა.
– ჰო, ცივა.
– ქარსაც ახლა მოუნდა ამოვარდნა.
– ერთი მაგისი.
– ნახე, მაინც რამდენია?
– ალბათ, ათამდე.
– ათი მენეთი?
– ჰო, დიდი მენეთი.
– არა უჭირს, ფულია.
– მეც ეგ არა ვთქვი!
– ჰოდა, მორჩი.
– შენ რა, ისე პრიჩინა გინდა?
– მორჩი, მაჩვენე აქ.
– რათა?
– მერე გეტყვი.
– აჰა, ნახევარი.
– სწორია?
– ჰო.
– მაიტა კიდე!
– რათა?
– კარგი, გქონდეს.
– ცივა, კაცო.
– ცივა, მაშ.
– ადგილი არ იცი თბილი?
– შენს ჩხუბში გზა დავკარგე.
– ცივა.
– მე რა გიყო?
– შენ არ თქვი, ქოხი ვიციო?
– ჰო.
– მერე?
– მერე რა?
– წადი შენი მატყუარა დედაც…
– ისევ.
– ქარია, ცივა.
– მე რა გიყო, მეცა მცივა.
– ერთი შენი.
– მორჩა.
– რა მორჩა?
– ხმას აღარ ვიღებ, რაც გინდა იგინე.
– რაც გინდა ქენი, შენი დედაც…
– რათა, კაცო?
– ცივა, შე ბუმერაზო, ცივა.

წელი 1957. მარტის 8.

ცხელა, დავიძინოთ

– ეგ ხევი რა არის?
– არაფერი, ნახევარია.
– წყალი არ მოდის?
– არა.
– ეგრეც ვიცოდი.
– აბა, რაღას მკითხე.
– ისე, ცხელა.
– მერე რა გალაპარაკებს?
– შენ უფრო მეტს ლაპარაკობ ახლა.
– ახლა შენ.
– კარგი ერთი.
– კარგი და კარგი.
– იცი რა?
– რა?
– მოდი, შევეშვათ თხრას.
– შევეშვათ.
– წყალი არ იცი სადმე?
– წყალი არა ისა, აგე მანდა დგას კოკაში.
– ოჰო, კარგია.
– რაღა კარგი, თბილია.
– თბილიც არის, მტვრიანიც, მაინც წყალია.
– შენ მართალი ხარ, რა მაგის პასუხია, მართლა შევეშვათ.
– ძაან კარგს ვიზამთ.
– კოკას რა ვუყოთ, კაცო?
– მაიტა აქ.
– შენ თვითონ აიღე.
თიხის კოკის ნამტვრევები ნანგრევის კედელთან ჩამოცვივდა.
– ესეც ასე.
– ჰო.
– ახლა?
– მორჩა.
ნანგრევების ქვევით ველი იყო. ველზე ხე არ იდგა. ველის იქით ვენახი. ყურძენი მკვახე იყო. ბაღში ფანჩატური იდგა.
– ხედავ?
– ჰო.
– გინდა, დავიძინოთ.
– ნახე რა საკითხავი.
– რას იკბინები ყველაფერზე.
– მორჩი.
– რათა?
– ცხელა, დავიძინოთ.
– მე რა, არა მცხელა?
– ერთი შენი.
– რა ჩემი?
– არაფერი, დავიძინოთ.

წელი 1957. მარტის 8.

მე ხომ გუშინ გაგიცანი

-ხედავ, რა ახლოა.
– აბა?
– აგერ, აგერ იქ.
– როდის მივალთ?
– ერთ საათში.
– მე არ მინდა.
– რატო?
– მეშინია.
– რისი?
– არაფრის, ისე.
– რა ისე?
– ნუ წავალთ, რა.
– აბა, რა ვქნათ.
– აქ დავსხდეთ.
– კარგი.
მდელო იყო მწვანე. ბალახი რბილი.
– იცი, რა?
– არა.
– როგორ გითხრა, არ ვიცი.
– რა უნდა მითხრა?
– იცი, რა?
– ხო გითხარი, არა-მეთქი, ოი, რა დიდი ხელი გაქვს?!
– არა, რას ამბობ.
– არა, კი; ღონიერი ხარ?
– არა, რას ამბობ.
– რა არა, ნახე, რა კუნთები გაქვს.
– იცი, რა?
– არა, ხო გითხარი.
– წამო რა, იქ.
– სად?
– აი იქ, წეღან რომ მივდიოდით.
– მეშინია.
– რისი?
– არ ვიცი.
– აქ არ გეშინია?
– აქ არა.
ბიჭმა თავის თათში მოიქცია გოგოს ხელი, მერე მოუჭირა.
– მტკივა, იცი!
– რათა?
– იმიტომ, რო ღონიერი ხარ, თანაც ამხელა ხელი გაქვს.
– ჰო, შენ პატარა მტევანი გაქვს.
– მე კი, ნახე, რა თხელია.
– აბა?
– აი,
– ჰო, მართლაც, რა თხელია, მეშინია, არ მოგტეხო.
– არც ისე სუსტია, შენ რომ გგონია.
– გინდა გატკინო?
– აბა, სცადე.
– არა გტკივა?
– არა.
– არც ახლა?
– არა.
– არც ახლა?
– არა.
– აბა, რატო წითლდები?
– ხო ვითმენ, შენ რა გინდა.
– კარგი, გვეყო, აღარ გატკენ.
– როგორც გინდა. მართლა, იცი, რა?
– რა?
– აბა, მარცხენათი თუ მატკენ მარცხენას.
– კარგი.
– არა მტკივა.
– აბა ცრემლი რა არის?
– არ ვიცი.
– როგორ?
– ისე, არ ვიცი.
– იცი, რა?
– არა.
– ცრემლებს ვერ ვიტან, მეცოდები.
– მოვიწმინდო?
– არა.
– რათა?
– მე თვითონ მოგწმენდ.
– ვაჟა!
– რა?
– ვაჟა!! თვალებზე კოცნა არ ვარგა, ცუდი ნიშანია.
– აბა რა ვქნა, ცრემლს ვინ დაგიშრობს?
– არ გინდა, სირცხვილია ასე.
– ვისი?
– არავისი, ისე.
– რა ისე?
– სირცხვილია, გეუბნები.
– განა ვინმე გვიყურებს?
– არა.
– აბა?
– შენი!
– ჩემი?
– ჰო.
– რათა?
– რა უნდა თქვა, მე ხომ გუშინ გაგიცანი.
– მერე?
– არ ვიცი, განა ასე ხდება?
– არც მე ვიცი, ალბათ.
– ვაჟა!
– რა?
– მართლა აკეთებ მაგას?
– რას?
– მაგას.
– ჰო.
– შენი არა მჯერა, მე კი მართლა ვიღებ, ვაჟა, ჰო.
– კიდე ტირი?
– არ ვიცი.
– მომეყრდენი, აი ასე.
– ვაჟა!
– რა?
– თვალებში კოცნა არ ვარგა.
ვაჟი ყვრიმალს დააცხრა, მერე ტუჩებს.
– ვაჟა!
– რა?
– სირცხვილია.
– ვისი?
– შენი.
– ჩემი რატო?
– ისე, არ ვიცი; მე ხომ გუშინ გაგიცანი.

წელი 1957. მარტის 8.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s