მდგმური

Posted: 11/10/2014 in თემურ ელიავა

521809_522701074442271_502599490_n

ახლა პერანგი ყოველდღე რომ რუხი გაცვია,
იცი, ამასაც განმარტება უნდა დაერთოს.
რადგან თაღებით ამოავსე, ზურგი აქციე,
მოიღუნე და არაფერი შეგრჩა საერთო
შუშის ქალაქთან, ყოველთვის რომ მიიჩქაროდა
მრავალი ბრენდის ბილბორდებით მაგისტრალებზე.
ჩამოგიყარა ფოტოები ქარმა თაროდან,
თანაც დააღო დარაბები, მაგრამ დარაზე
რომ აღარ გაცვდე. ვადაგასულ წამლებს ყლაპავ და
ჭამ ნაწვიმარზე შემოპარულ სუროს პითონებს.
თეთრი ხელების ნაოჭებზე სულს რომ ღაფავდა
ის აპათიაც ვერ გაათბე და მიატოვე.
და მიალაგე თაროები, შემდეგ არიე,
აკაწრულ კედლებს მიაშველე ჩრდილის პროფილი.
ზიხარ და უსმენ მდუმარების მაღალ არიებს.
შენი ოთახი დილეგია და საპყრობილე.
რადგანაც გიწევს გაცვეთილი სივრცის ატანა,
ჩაუსაფრდები გამოფიტულ ღამეს ვერაგი,
რომ დასაკარგი არაფერი არ გაქვს, რადგანაც
არც არაფერი გაგაჩნია, გარდა პერანგის…
იმეორებ და აუთოვებ მაღალ საყელოს,
მუცელს გიფატრავს გულწასული გარსის მახვილი.
ეწევი ხშირად, ოთახმა რომ ამოგახველოს,
ამოგაყოლოს გულისრევას და გაახილო
სავსე თვალები. შემდეგ სადმე ქუჩის გადაღმა,
საბურავებით სველ ასფალტზე ძილში ნათრევი,
რომ არ აღმოჩნდე, აუჩქარებ ნაბიჯს, გადახვალ
მეორე მხარეს, სადაც ღამით მაიც ანთებენ
ჩამსხვრეულ თაღებს და სხდებიან წრეში კაცები
და ვინაიდან საუბრობენ შეაწყვეტინებ,
შუბლზე ნაოჭებს დაუთვლი და სანამ გაცდები,
ყალბი ქოშინით მიაბიჯებ და ახროტინებ,
თითქოს აქამდე მოაღწიე, თითქოს არასდროს
ასე დაღლილი არ ყოფილხარ და რომ არაფრის
სურვილი არ გაქვს, არც იმედი შემოგთავაზონ
სული მოითქვა, დაისვენო, მაგრამ ჩანაფიქრს
ყველა მიგიხვდა, აგარიდეს მძიმე თვალები
და შენ მიიწევ სადაც გკლავენ, სადაც მარხია
უფლის ცხედარი, სადაც ცივა, სადაც მთვრალები
ხელებს ითბობენ ამოსუნთქვით, სადაც საღი
ყველა ჩამქრალი ლამპიონი და შენ მიგიღეს,
მიგიღეს, რადგან საკუთარი ფეხით მიხვედი,
იქ საიდანაც ვერ გააღწევ და ახლა ნიღბებს
მრავალჯერ იცვლი, წამდაუწუმ იმის მიხედვით
თუ ვინ შეგხვდება და ამჯერად სამუსაიფოდ,
დამშვიდებული, თვინიერი სახე მოირგე,
ანუ მიმართე ნაძირლების საერთო მეთოდს,
გამოიგონე, რომ არ ჰგავდეს პირად ქრონიკებს,
სხვისი ცხოვრება, სიკვდილით რომ გიწევს გადახდა,
მისი ყოველი წუთისთვის და რადგან გმინავენ
მოზიარენი შემთხვევების რაც თავს გადაგხდა
კმაყოფილდები საბოლოოდ. შემდეგ იმავე
ჩაბნელებული ტროტუარით სადღაც ბრუნდები,
თანაც, მსგავსება კორპუსების ისევ გირთულებს
ბნელ სადარბაზოს მიაგნო და დიდხანს უნდები
რაღაც ნომრების გახსენებას. მაღალ სართულებს
აჰყურებ, ეძებ აივანზე ნაცნობ ტანსაცმელს;
გაგიფენია ფრანკო ფერეს მონათესავე
ნელა ადიხარ კიბეებზე რომ არ გადაგცდეს
გული, ლიფტისთვის განკუთვნილი მონეტასავით.
შედიხარ, იხდი ბინძურ პერანგს, მაღალ საყელო
ცივი წყლით რეცხავ ნიჟარასთან პირქვე დახრილი.
ხმაურობ, ბოდავ, ოთახმა რომ ამოგახველოს,
ამოგაყოლოს გულისრევას და გაახილო
ლოთის თვალები. შემდეგ სადმე ობოლ ჩაველას
გადაეყრები ნავსადგურთან სანაპიროზე.
სულს მთელი მისი წერილებით ბოთლში ჩაბერავ,
ზღვაში მოისვრი, დაივიწყებ და პაპიროსის
გამასპინძლებით დასრულდება ის, რაც არასდროს
დაგავიწყდება, გაიხსენებ, თუმცა ვინ იცის?!
და ცდილობ გემებს გააყოლო მზერა, დაათრო
მლაშე სილურჯით ტროპიკების, რადგან თბილისი
უკვე ყელში გაქვს ამოსული, უკვე დაგღალა.
მაინც ბრუნდები სადაც გკლავენ, სადაც არ სძინავს
ცათამბჯენებით განათებულ თაღების ქალაქს,
შესვლისთანავე კილოზე რომ გიწყებს დაცინვას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s