დოსტოევსკის შესახებ

Posted: 24/10/2014 in გრიგოლ რობაქიძე
გრიგოლ რობაქიძე

გრიგოლ რობაქიძე

გრ. რობაქიძის პუბლიცისტიკაში, ხოლო მოგვიანებით მთელ მის შემოქმედებაში, დოსტოევსკის პიროვნებას დიდი ადგილი ეთმობა. საკმარისია თვალი გადავავლოთ გაზეთ „კავკაზში“ დასტამბულ მის წერილებს, რომლებიც ქვეყნდებოდა აღნიშნულ გაზეთში 1915 წელს და დავინახავთ, რომ სტანისლავ პშიბიშევსკიზე იქნება დაწერილი წერილი, ანა ახმატოვაზე, სლავიანოფილებზე თუ სხვ., ყოველთვის გვხვდება დოსტოევსკის სახელი, ხშირად მოიხსენიებს იგი გენიალურ რუს მწერალს თავის საჯარო ლექციებშიც ექსპრესიონიზმზე, შპენგლერზე თუ სხვა მწერლებზე საუბრისას…

საინტერესოდ არის გახსნილი სმერდიაკოვის სახე გაზეთ „კავკაზში“ დასტამბულ წერილში „სმერდიაკოვის შთამომავალნი“, რომელშიც ავტორი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დოსტოევსკიმ სმერდიაკოვის სახე კი არ გამოიგონა, არამედ იგი იმთავითვე არსებობდა და ბოლომდე იარსებებს: სმერდიაკოვი – მეტაფიზიკური ლაქიაა, რომლის სახელიც არის უტიფარი – ასეთია გრ. რობაქიძის დასკვნა. „გენიის საპირისპიროდ იგი უარჰყოფს ყოველივე გენიალურს, აკი ვლ. სოლოვიოვი ამბობდა, რომ გენია „ეს კეთილშობილების უმაღლესი გამოვლინებააო. უტიფარი კი უბრალოდ „მონაცემია“, მასში დაფარულია მხოლოდ არაყოფიერების პოტენცია, მას არ შეუძლია სხვადქცევა, მას არაფერი არ ესმის. გენია – ინდივიდუალურობაა, ნათელი და განუმეორებელი, უტიფარი კი უპირო სქესის უბრალო ეგზემპლიარია. უტიფარის არსებობის პრინციპი – სიბრტყისეული და საშუალოა. იგი არ იპყრობს არც მწვერვალებს და არც ქვესკნელს, იგი სიცარიელეა, რომელსაც აშინებს ყოფიერების სისავსე. იგი ასლია, რომელიც არ სცნობს ორიგინალს. მისი ცხოვრება მარცხია, მისი ვნება ციტატაა, იგი თავისუფალი მონაა, თავხედი და მხდალი, მისთვის უცხოა ყოველივე გმირული, რომლისთვისაც გაუგებარია გმირულისა და მსხვერპლშეწირვის პათოსი“. უტიფარის თვისებებზე საუბრისას გრ. რობაქიძეს მოჰყავს ოსკარ უაილდის სიტყვები როზენკრანცსა და გილდენშტერნზე, როგორც უტიფრობის ნაირსახეობაზე.

როზენკრანცები და გილდენშტერნები არასოდეს კვდებიან, რადგანაც ცოცხლობს და არ კვდება მათი თავდაპირველი წინაპარი, დიდი უტიფარი, მეტაფიზიკური ლაქია, უკვდავი სმერდიაკოვი – ასეთია გრ.რობაქიძის დასკვნა დოსტოევსკის პერსონაჟის შესახებ.

იმავე წლის მაისში „კავკაზში“ იბეჭდება გრ. რობაქიძის წერილი „კამათი სლავიანოფილობის შესახებ“. წერილი ეხება ვიაჩესლავ ივანოვსა და ნიკოლოზ ბერდიაევს შორის გამართულ კამათს სლავიანოფილების შესახებ. ვ. ივანოვი თავის თავსა და თავის მიმდევრებს „რუს ბიჭუნებსა“ და „ალიოშელებს“ უწოდებდა. იგი სლავიანოფილობას ღებულობს იმდენად, რამდენადაც ეს გახსნილია დოსტოევსკის შემოქმედებასა და წინასწარმეტყველებაში. ალიოშა კარამაზოვის სახეში, მისი აზრით, ჭეშმარიტად არის გახსნილი სლავიანოფილობა და ალიოშას სახე სავსებით დასრულებულ სახეს წარმოადგენს. ნ. ბერდიაევი არ ეთანხმება ამ აზრს. მას მიაჩნია, რომ სლავიანოფილობა ჯანსაღი მოვლენაა, ხოლო დოსტოევსკი „ჩამოხევა და ტეხვაა“. ალიოშა, გამოგონილია, ის სახეა, რომელიც დოსტოევსკის არ გამოუვიდა მხატვრულად, ხოლო ჭეშმარიტი დოსტოევსკი კი, მისი აზრით, იქ არის, სადაც გახსნილია ინდივიდუალური ბედის ტრაგედია, რასკოლნიკოვის, სტავროგინის, კირილოვის, ვერხოვენსკისა და ივანე კარამაზოვის სულის ტრაგედია, მისი ავადმყოფობა.

გრ. რობაქიძე მიზნად ისახავს გაარკვიოს, ვინ არის ამ ორ მოკამათეთა შორის მართალი და დაასკვნის, რომ ერთიცა და მეორეც მართალნი არიან.

თუმცა ვ. ივანოვი და ნ. ბერდიაევი ყოველთვის ეკამათებიან ერთმანეთს ერთი და იმავე საკითხზე, მაგრამ სხვადასხვა სიბრტყეებშიო.

დოსტოევსკი, როგორც ცნობილია, ზოგიერთი თავისი შეხედულებებით, ემხრობოდა სლავიანოფილების მოძღვრებას, მაგრამ მათი და „ზაპადნიკების“ იდეების შედარებისას, ის იძულებული იყო ეღიარებინა უკანასკნელის ცხოველმყოფელობა. იგი აკრიტიკებდა არა სლავიანოფილური მოძღვრების არსს, არამედ მის მოუქნელობას ისტორიის გაკვეთილების ათვისებისას, მის არაშემოქმედებით პოზიციას, „რუსული იდეის“ ეპიგონობას.

ახლა გვსურს შევჩერდეთ დიდი რუსი მწერლის დაბადების ასი წლისთავისადმი მიძღვნილ წერილზე, რომელიც, გამოქვეყნდა „ბარრიკადის“ საიუბილეო ნომერში. 1922 წელს სათაურით „დოსტოევსკი“. წერილში მეტად საინტერესოდ არის აღქმული დოსტოევსკის მსოფლმხედველობა, მხატვრული მანერა და საერთოდ მისი პიროვნება.

თანამედროვე დასავლურ და ამერიკულ ლიტერატურათმცოდნეობაში დღესაც დგას საკითხი დოსტოევსკის ნიცშესთან კავშირის შესახებ.

თავის წერილში „დოსტოევსკი“ გრიგოლ რობაქიძე, „ძმები კარამაზოვებზე“ საუბრისას, როდესაც ამტკიცებს, რომ თუ ფიზიკურ პლანში არა, ასტრალურ პლანში მაინც გამოდის დიმიტრი მამის მკვლელიო, ამაში ხედავს იგი, ე.ი. რომანის „ასტრალურ“ მხარეში, ფაბულის რთულ ხლართს, როდესაც კაცთა სიცოცხლის სირთულე ასტრალურში გადადის და აქ იჩენს თავს დოსტოევსკის მისტიკა, რომელსაც მხოლოდ ერთი პარალელი ჰფენს ნათელს: დოსტოევსკი – ნიცშე. გრ. რობაქიძეს მიაჩნია, რომ მათ იდეათა მსგავსება ფენომენალურია, და ზოგჯერ მთლიანადაც ემთხვევა. თავის მიერვე დასმულ კითხვას, თუ რამ დაბადა ასეთი კონგენიალური შეხვედრა, გრ. რობაქიძე პასუხობს, რომ დოსტოევსკის ჰიბრიდული მსოფლიოგზნება იგივეა, რაც ნიცშეს დიონისური აპპერცეპცია. კერძოდ, დიონისოს „ყოველი ყოველში“ – „მე ყოველში და ყოველი ჩემში“- იგივეა, რაც „სხვადქცევა“ და „ყოვლადქცევა“-პალინგენესია და მეტამორფოზა.

კიდევ ერთი იდეა, რომელსაც წერილის ავტორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს დოსტოევსკისა და ნიცშეს შორის პარალელის გავლებისათვის, არის ნიცშეს იდეა „მარადის მობრუნების“. ბერგსონის „რეალური დროის“ მიხედვით რაიმეს დაბრუნება შეუძლებელია, რადგან დაბრუნება გულისხმობს დროის მომენტებს „მაშინ“ და „ახლა“. ამ ორ მომენტს შორის არის რეალური სხვაობა. ეს მოვლენა პირველში ჰქმნის ხსოვნას. თუ რაიმე დაბრუნდა, მაშინ აღარ არის არც სხვაობა დროში და არც ხსოვნა მის ათვისებაში. გეორგ ზიმმელის აზრით, დაბრუნება შესაძლოა, მაგრამ არა იმისათვის ვინც დაბრუნდა, არამედ მის გარემდგომ არსის შეცნობისათვის. გრ. რობაქიძე სამართლიანად აღნიშნავს, რომ რაციონალურ ტერმინებში ეს იდეა არ შეძლება იყოს ახსნილი, რადგან მისი ბუნება ირრაციონალურია და გამართლებულია მისტიკაში. ამ შემთხვევაში, გრ.რობაქიძის აზრით, დაბრუნება „ვითარების“ რკალში გადადის და ნიცშეს აზრი მარადიული დაბრუნების შესახებ არის მიახლოვება ქცევის სამყაროსი ყოფის სამყაროსთან, რაც წარმოადგენს პიროვნების კოსმიურ დამტკიცებას. „მარადის მობრუნების“ იდეა არის იდეა „ყოვლადობის“ (დოსტოევსკი) და „დიონისურობის“ (ნიცშე). ამის თაობაზე დ. მერეჟკოვსკი წიგნში „ლ. ტოლსტოი და დოსტოევსკი“ წერს, რომ ნიცშემ, იმ დროსაც კი, როდესაც მას ეგონა, რომ გადალახა მეტაფიზიკური „განცდები“, ვერ განთავისუფლდა ყველაზე ძველი და დაჟინებული განცდისგან, რომელიც მას მთელი ცხოვრება თან სდევდა და რომლისაც ძლიერ ეშინოდა.

„ყოვლადობა“ დოსტოევსკისათვის ცხადდება ქრისტეში, „დიონისურობა“ ნიცშესათვის დიონისოში. გრ. რობაქიძეს კი აქედან გამოჰყავს შემდეგი ფორმულა: ქრისტე ძეკაცში დაბადებული – ღმერთკაცი. დიონისო კაცში შვებული – ზეკაცი. გრ. რობაქიძე წერს, რომ ნიცშემ არ იცოდა, რომ დიონისო წარმართული ჰიპოსტასია ქრისტესი და მთელი სიცოცხლე ებრძოდა ქრისტეს. დოსტოევსკი არ იცნობდა დიონისოს სახელს, თუმცა მთელი არსებით აცნაურებდა მას. შემდეგ გრ. რობაქიძე აკეთებს დასკვნას, რომ თუ პიროვნება განმტკიცდება კოსმიურად, იქცევა ზეკაცად, ღმერთკაცად, მაშინ თვითონ ღმერთი (დიონისო ანუ ქრისტე) კვდება კაცში. იმმანენტური ქცევა აქ თითქო ზედმეტად ხდის ტრანსცედენტურ ყოფას და სწორედ ეს იყო, გრ. რობაქიძის რწმენით საშიში იდეა ნიცშესი, მისი უკანასკნელი საიდუმლო და სწორედ ამ იდეით იწვოდა დოსტოევსკი კირილოვის სახით. დ. მერეჟკოვსკი ჩვენს მიერ ზემოთ აღნიშნულ წიგნში წერს, რომ ორი ღმერთი – აპოლონი და დიონისო შეერთდა ნიცშეს „ტრაგედიის დაბადებაში“. ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დემონები თუ ღმერთები შეერთდნენ უფრო უჩვეულო და საიდუმლოებით მოცულ მოვლენაში, როგორც ზარატუსტრაა. „და არ შეგვეძლო ჩვენ არ გვეცნო მასში ის, ვინც მთელი ცხოვრება თან სდევდა და აწამებდა დოსტოევსკის, არ შეგვეძლო არ გვეცნო ღმერთკაცი – ზეკაცში და უჩვეულო, თითქმის დაუჯერებელი იყო ჩვენთვის ეს დამთხვევა. ყველაზე ახალი, უაღრესი ევროპელი და ყველაზე რუსი რუსთა შორის“.

გრ. რობაქიძის წერილიდან ნათლად ჩანს, რომ იგი იზიარებს დ. მერეჟკოვსკის შეხედულებებს, კარგად იცნობს მის ნაშრომს დოსტოევსკიზე. გარდა ამისა, გრ. რობაქიძე საკმაოდ კარგად იცნობს გერმანულ კრიტიკასაც გენიალური რუსი მოაზროვნის შესახებ. როგორც ცნობილია, იგი გერმანიაში იმყოფებოდა ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ექსპრესიონისტები მეტად დაინტერესებულნი იყვნენ დოსტოევსკის შემოქმედებით და უამრავ წერილებსა თუ გამოკვლევებს აქვეყნებდნენ მასზე. ჩვენი აზრით, მას წაკითხული უნდა ჰქონოდა ჰ. ჰესსეს სტატიები „ძმები კარამაზოვები ანუ ევროპის დაისი (აზრები წარმოშობილნი დოსტოევსკის კითხვისას)“ და „აზრები დოსტოევსკის რომანზე „იდიოტი“; ორივე ეს წერილი უკვე გამოქვეყნებული იყო 1919 წლისათვის.

ასევე კარგად იცნობდა გრ. რობაქიძე სტეფან ცვაიგის წერილებს დოსტოევსკიზე, რომელიც იბეჭდებოდა გერმანიაში 1914-1923 წლებში.

თავის თანამედროვეების მსგავსად, ჰესსე დოსტოევსკის არ აღიქვამს, როგორც მწერალს, იგი არ უარყოფს, რომ დოსტოევსკი დიდი მხატვარია, მაგრამ, მისი აზრით, იგი დგას ხელოვნების მიღმა. იგი უპირველესად – წინასწარმეტყველია, რომელმაც მთელი კაცობრიობის ბედი გამოიცნო. ცენტრალური აზრი ჰესსესი, რომელიც საერთოდ დამახასიათებელია ექსპრესიონისტებისათვის, არის ის, რომ რუსი ქაოტური ადამიანი, რომელიც იწინასწარმეტყველა დოსტოევსკიმ – არ წარმოადგენს სპეციფიურ რუსულ მოვლენას. ეს მოვლენა სრულიად ევროპულია და მსოფლიოც კი.

სტეფან ცვაიგმა 1914-1923 წლებში შექმნა სტატიათა ციკლები დოსტოევსკის შესახებ, რომლებიც საბოლოოდ გადაიქცა ესსედ – „დოსტოევსკი“, რომელიც სრული სახით გამოქვეყნდა 1919 წელს, წიგნში „სამი ოსტატი“ (ბალზაკსა და დიკენსთან ერთად). როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცვაიგი დოსტოევსკის შემოქმედებას განიხილავს სიცოცხლის პრობლემიდან გამომდინარე. ცვეიგის ღრმა რწმენით, არც დოსტოევსკი და არც მისი გმირები „წყნარად ვერ განლაგდებიან“ ამ სამყაროში. ისინი თავიანთი შეგრძნებებით ეშვებიან მარადიული პრობლემების წიაღში. თანამედროვე ადამიანი, ნერვების ადამიანი, შერწყმულია პირველყოფილ არსებასთან, რომლებიც ამავე დროს არაპირდაპირ იმეორებენ სამყაროს დასაბამიდან არსებულ კითხვებს.

როგორც დავინახეთ, გრ. რობაქიძის წერილში „დოსტოევსკის“, ჰესსესა და ცვეიგის ესსეების რემინისცენციები იგრძნობა.

გრ. რობაქიძე წერს: „დოსტოევსკიმ არ იცის შეჩერება: იგი მუდამ პაროკსიზმშია. იგი მტერია ყოველი არსებულის და განსახიერებულის. ზოგი თვალი ჩერდება მიწაზე და სხეულზე, ჩერდება სიყვარულით. ასეთია ჰომეროს, ტიციან, გოეთე, პუშკინი. დოსტოევსკი არ ჩერდება მიწაზე, მას უნდა სხვა სხეული. მართალია პირველიც ვითარდება და მეორეც, მაგრამ დოსტოევსკის არ შეუძლია უციქროს დაუსრულებელ ვითარებას (-„აბანოს ობობებით“) მას უნდა ერთი დაკვრით შესცვალოს სამყარო“. ეს აზრი მან განავითარა წერილში „ანდრეი ბელი“, რომელშიც ავტორი წერს, რომ პოეტებს მიწის მიმართ სხვადასხვანაირი დამოკიდებულება აქვთ. პირველ ჯგუფში შედიან პოეტები რომლებიც მიწაში შეყვარებულები არიან, მათთვის ის დიდი დედაა, დედამიწაში შეყვარებულ პოეტებს მისი „სხეული, ხორცი“ უყვართ. ხოლო მეორე ჯგუფის პოეტებს მიწა საერთოდ არ უყვართ, მათი მზერა მხოლოდ გახრწნისა და დაშლისაკენაა მიმართული. შემდეგ გრ. რობაქიძეს ამ დანაყოფში შეაქვს აპოკალიპსური მომენტი და იღებს სხვა ორ პარალელურ ჯგუფს: შემომქმედნი, რომელნიც შეყვარებული არიან მიწაზე – მის ნაყოფიერებაზე, ზრდაზე, აყვავებაზე,მაგრამ ამ ყველაფერში ისინი განსჭვრეტენ სხვასაც „შორეულ ხილვას, რომელიც ბოლოსდაბოლოს პლასტიურად უნდა გაფორმდეს: ოცნება, რომელიც საბოლოოდ უნდა განსხეულდეს. ისინი უყურებენ სხეულებს, მაგრამ განსჭვრეტენ ამ სხეულების მიღმა სხვა სხეულებსაც, ახალ ცას, ახალ მიწას, სხეულებს, რომლებიც არსებობენ მათი ცნობიერებისათვის. მათ უყვართ დედამიწა, რომელიც სამყაროს სულს წარმოადგენს… ისინი ვერ გრძნობენ დროის სიმძიმეს მისი არაამქვეყნიური მოწყენილობით, – მაგრამ დაძაბულად გრძნობენ, რომ ეს – ეს არის დრო უნდა გაჩერდეს და უეცრად დამყარდება „მარადიული ჰარმონია“ დოსტოევსკის კირილლოვისა მიწის ფერისცვალებაში (- რადგან „ადამიანი ვერ გაუძლებს, ფიზიკურად თუ არ შეიცვალა“). სულის აპოკალიპსური რიტმით უამრავი პოეტია რუსეთში, ქვეყანაში, რომელიც თავის არსით კატასტროფიულია. ვლ. სლოვიოვი, დოსტოევსკი, მერეჟკოვსკი, ბლოკი – აი, ამ რიგის მწერლები“, ასეთია გრ. რობაქიძის აზრი.

დოსტოევსკი გრ. რობაქიძეს მიაჩნია აპოკალიპსურ სტიქიად, რომლის სულის რიტმიც არ შეიძლება ამ უკანასკნელით ამოიწუროს. მის სულში გრ. რობაქიძეს მრავალი სიმფონიის რიტმის გადაძახილი ესმის.

როგორც დავინახეთ, გრ. რობაქიძე დოსტოევსკის განაკუთვნებს ერთი რიგის მწერლებს, მაგრამ მისი შემოქმედების მაგალითებით ავსებს დანარჩენი რიგის პარალელებსაც. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ დოსტოევსკის შემოქმედება იმდენად გრანდიოზულია, რომ ძნელია განაკუთვნო იგი გარკვეული რიგის მწერლებს. როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, მისი გმირები მეტად მრავალნაირნი არიან.

გრ. რობაქიძის აზრით, დოსტოევსკის სურვილში, რომ ერთი დაკვრით შეცვალოს სამყარო თავს იჩენს ეპილეპსია, რომელიც წარმოადგენს მისი ესქატოლოგიური მსოფლიოგზნების შედეგს. აპოკალიპსი სიგიჟეა დოსტოევსკის, ხოლო აპოკალიპსური ეპილეპსია მისი შთაგონებაა: „ზოგჯერ იგი ანგრევს სამყაროს, ანგრევს პლანეტებს, მაგრამ იოანესავით სულ სხვა მიწას მზერს და სხვა ზეცას“.

წერილში „დოსტოევსკი“ გრ. რობაქიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ზოგი კრიტიკოსი მწერალს უწუნებდა ფორმას. ქართველი მოაზროვნე არ ეთანხმება ამ აზრს, მიიჩნევს მცდარად და აცხადებს, რომ დოსტოევსკის პლანეტარულ განცდას სხვა ფორმა ვერ გაუძლებსო. კირილოვის რთულ მონოლოგს გრ. რობაქიძე ასტრალების შორეული შეხების სეისმოგრაფიას ადარებს. განსაკუთრებით მოსწონს წერილის ავტორს დოსტოევსკის დიალოგი.

გრ. რობაქიძე, როდესაც დოსტოევსკის დიალოგს პლატონისას ადარებს, ამბობს, რომ პლატონის დიალოგი დიალექტიკურია, ხოლო დოსტოევსკისა დრამატული, თუ პირველში არის ინტელექტუალური დენის დინამიკა, აქ არის დინამიკა პლანეტარული მოხეთქის.

როგორც დავინახეთ, გრიგოლ რობაქიძე მეტად დაინტერესებული იყო დოსტოევსკის შემოქმედებით. როგორც მის ესეებში, ასევე მის ზოგიერთ ლექსში ხშირად გვხვდება დოსტოევსკის სახელი ან მისი იდეების ანალიზი. გენიალური რუსი მწერლის მიერ „ეშმაკნის“ შექმნიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ ქართველი მწერალი დაუბრუნდა თავის უსაყვარლესს მწერალს და ის თავისი მეტად საინტერესო რომანის „ჩაკლული სულის“ ორგანულ ნაწილად აქცია.

მოამზადა: მანანა ნანიძემ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s