მიწაზე მძიმე

Posted: 25/10/2014 in ოთარ ჭილაძე
ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძე

                   ვუძღვნი დედას

მომეცი ნება, შენს ყორეზე მოვითქვა სული,
შენი ლეღვის ხე მოვჩრდილო და შენს წყაროში
ჩავყო ფეხები, ფესვებივით, რომ ერთხელ კიდევ
ვცადო საცდელი, ერთხელ კიდევ, რადგან ვერავინ
ვერ მიუდგება ჩემს სატკივარს, მე მტკივა იგი
და მევე უნდა ამოვძირკვო, რომ მის ფოსოში
სინათლესავით ჩავაყენო შენი ღიმილი,
        მე ვუყვარვარ და არ მწყალობს,
                                      რადგან სხვებივით
არ შეუძლია ითვალთმაქცოს და ჩემი მატყლი
              ააჩხრიალოს კაკალივით…
                                            არ შეუძლია
დამიბინძუროს, გამიქარწყლოს და დამავიწყოს,
რაც კი არსებობს ჩემში მძიმე, მკვრივი და მკვეთრი,
კეტად რომ უნდა მოვიმარჯვო, თუკი ოდესმე
მშიერ ძაღლების ორღობეში მომიწევს გავლა
და არყოფნაზე ამაზრზენი დადგება წუთი,
რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ ჩემი სულიც
ადამიანის სული იყო და არა ბუშტი
ფილტვებში გამთბარ ჰაერისა, რითაც ვარსებობ
და ვარსებობ, არ მაქვს ნება, დავხუჭო თვალი,
მოვკუმო პირი, დავიკრიფო გულზე ხელები,
დაბლაგვებული ნიჩბებივით, რომელთაც უკვე
არ შეუძლიათ მიწის მოთხრა, თუმცა იციან,
რომ ამ მიწაში ასვენია ღმერთის ცხედარი –
დრო რომ აყრია, საწყალს, გულზე მიწაზე მეტი,
მიწაზე მძიმე, შეუვალი, ბნელი და გრილი,
ბრძენი გველი რომ შემაჩეჩა ყავარჯნად ხელში,
მხარზე მამალი რომ შემასვა და თბილი თესლით
ცერცვის პარკივით რომ გამავსო… და ბეჭედივით
                  ამ ცას და მიწას დამაჩნია…
                                            მე კი, დაღლილი,
ყორეზე ვზივარ და ლეღვის შტოს ვიწოდებ კავით,
მზემ რომ არ დამკრას, შიმშლმა რომ არ შემაწუხოს,
              დრო რომ მოვიგო…
                          მაპატიე ეს ერთი წამი,
ეს ერთი წამი სისუსტისა და უმეცრების:
          მეც ხომ შვილი ვარ,
                                    ლეკვი,
                                          ბარტყი,
                              ჭუპრი თუ კვერცხი…
მეც მოვინდომე უზრუნველად კდომა შენს ჩრდილში
და მავიწყდება, რომ ჩემს მეტი არ ჰყავს პატრონი
კერიის მწარე კვამლის სუნით გაჟღენთილ კაბას
და თავსაფრიდან გამოჭყეტილ ჭაღარა წარსულს,
ზედ რომ მეყრება ნაცარივით, როცა მძინარეს
ბეჭებს მიზომავ, ფახს მისინჯავ და ისე მკოცნი,
    თითქოს შხამს მწოვდე იარიდან…
                               შვილი ვარ შენი!
მე შენს საშოშ, ვით ქურაში, ვარ გამომწვარი
            და უკვდავი ვარ!
                 უკვდავებით ვარ დაქანცული!
ამის ბრალია წამიერი ეს გაოგნებაც,
ამის ბრალია გულუბრყვილო ჩემი ფიქრები,
ტყუპებივით რომ დაემსგავსნენ იმ გლეხის ფიქრებს,
        ერთი წლის სარჩოს რომ თხოვს მიწას,
                       ერთი წლის ვადით
          რომ იხანგრძლივებს არსებობას…
                                   ერთი წლის ვადით!
რათა საფლავშიც ჭიასავით არ ჩაჰყვეს ფიქრი
დაბინავებულ ჭირნახულის, ძროხის თუ ქალის…
თითქოს მინდორში ცეცხლს ვაღვივებ და სიბნელეში
მეც ვიფოფრები და ვწითლდები ნაჭვერდალივით,
მაგრამ არ ვიცი, ეს სიწითლე რისი ბრალია:
სიყვარულის თუ სირცხვილისა… ორკაპ ჯოხივით
ეს ორი გრძნობა სასულეზე მაქვს მობჯენილი,
სიკვდილის ნება რომ არა მაქვს, მეც კარგად ვიცი,
წინ ერთი გზაა, შენი ფრჩხილით ამოკაწრული,
შენი ტკივილით დატკეპნილი და მოკირწყლული
გაქვავებული სიჯიუტით და მოთმინებით…
უკაცურია ეს გზა თითქმის და ამიტომაც
მოსაწყენია მარტოხელა მგზავრისთვის იგი:
წინაპრის ლანდი გადაირბენს ათასში ერთხელ,
ან მოსახვევში დაგიხვდება წყაროდ ქცეული,
თავის სულშ რომ ჩაგახედოს და წყალთან ერთად,
გადაგდოს სენიც სითამამის და თავგანწირვის…
დაუმთავრებელ ძეგლებივით დგანან დღეები
და ღამეები ნაუცბათევ საფლავებს ჰგვანან –
ყველა ძეგლს უნდა შევამატო მე სულის სისხლი,
ყველა საფლავში უნდა ჩავწვე, რომ ბგერასავით
განვთავისუფლდე დუმილისგან, ანდა შუქივით
განვთავისუფლდე სიბნელისგან და ფოთოლივით
შემოვაბრუნო ჩემსკენ სმენა და თვალი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s