სინათლის ლეკვი

Posted: 25/10/2014 in ოთარ ჭილაძე
ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძე

იქნებ არ იყო, მაგრამ მე მახსოვს
ზამთარი, როგორც ცუდი სიზმარი,
როგორც დამპალი ძაფით ნაქსოვი
პერანგი სველი და ნასხვისარი.

ქალაქი თოვლსი იდგა ყელამდე,
თოვლის ყალიბში იყო ჩასხმული
და მასაც, როგორც ირგვლივ ყველაფერს,
არც თავი ჰქონდა, არც დასასრული.

არ არსებობდა სამყარო თითქოს,
გზებს აუქმებდა თეთრი გრიგალი
და იხრწნებოდა სახლებში სითბო,
კაცის ნასუნთქი და ნაფიქრალი.

არარსებული ზარების რეკვით
ექანცებოდათ მკლავები ქარებს.
ქუჩაში ეგდო სინათლის ლეკვი
და მთელი ღამე ტიროდა მწარედ.

როგორც უხილავ ღმერთს იაკობი,
ეომებოდა ტვინი უკუნეთს,
რომ ცოდვის თუნდაც ერთი ნაყოფი
გადარჩენოდა ამ საუკუნეს.

ხოლო ტვინისთვის დადგმული მახე,
თრთოდა ფურცელი, თოვლივით თეთრი,
გულაღმა იწვა და ედო სახე
დამორჩილებულ ქალის თუ… ღმერთის.

ვით უნაყოფო ვნების ფიტული,
ზამთრის უაზროდ მძიმე სხეული,
საქვეყნოდ იყო გამოკიდული
და განსჯის საგნად იყო ქცეული.

ჩვენ კი, ბინებში გამოკეტილნი,
კრუხად ვეჯექით საკუთარ სითბოს,
უფრო ჭკვიანიც, მხნეც და კეთილიც –
სხვა იცხოვრებდა ჩვენს ნაცვლად თითქოს.

აღტაცებულიც და დარცხვენილიც
და დაბნეულიც ამ აღმოჩენით,
დაჭიხვინებდა ყინვა ცხენივით,
თავმოკაზმული თეთრი ფოჩვებით.

მერე მზემ თვალი გამოახილა,
მერე განათდა და დათბა კიდეც
და შვების ოხვრამ, როგორც მარხილი
გადაუქროლა ქუჩებს და ხიდებს.

გამთბარი რწმენით და ლაპარაკით,
დაუჯერებლად მხნე და მდიდრული,
კვლავ შეიშმუშნა მზის ქვეშ ქალაქი,
ზამთრის ფსკერიდან ამოზიდული.

ხოლო მარხილი, ეჟვნებით სავსე,
გვაფრქვევდა სურნელს ცეცხლის და მიწის,
წყალობასავით გვაყრიდა თავზე
ფორთოხლის ნაფრცქვენს, სტვენას და სიცილს.

სარეცხის თოკებს აბამდა ქალი,
ვით სიმარტოვის დაწყვეტილ სიმებს
და აცეცებდა ახელილ თვალებს
სინათლის ლეკვი, თაფლივით მძიმე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s