ოთარ ჭილაძე — „მარტის მამალი“ (ამონარიდები)

Posted: 15/05/2015 in ოთარ ჭილაძე

122„ადამიანი სიბნელიდან მოდის და სიბნელეში ქრება“.

„სიცოცხლე, ხანგრძლივიცა და ხანმოკლეც, სიკვდილთან შეჩვევაა და მეტი არაფერი“.

„ყველაზე დიდი შიში ისაა, რომელსაც ვეღარ გრძნობ“.

„ასეთია ბუნება კაცისა, ასეა ცხოვრება მოწყობილი: თითქოს სწვდები საწადელს, ცოლს შეირთავ, შვილს გააჩენ, ჰა და ჰა, თითქოს უნდა გაგიმართლდეს ნაოცნებარი და სწორედ მაშინ შემართავს ხოლმე ბედისწერა უროს. ის კი, ადამიანი, მაინც იბრძვის, მაინც წვალობს, მაინც ფუტფუტებს ოცნების ნამსხვრევებში და ხელახლა აჩიტებს, ხელახლა აფრთიანებს ახალ ოცნებას, ერთხელ კიდევ რომ გაიწბილოს თავი. ამას ჰქვია ცხოვრება, ასე დაგვეკვება ღმერთისგან და ამის შეცვლა არ შეიძლება, რადგან ცხოვრება ან არის, ან არ არის, მისი შეცვლა მის მოსპობას ნიშნავს, ანუ, სიკვდილს, არაფერს“.

„სადაც სიყვარულია, იქ ეჭვიანობაცაა. თუ გიყვარს, ეჭვიანობ კიდეც. თუ არ გიყვარს, არც ეჭვიანობ, არც იცი, რას ნიშნავს ეჭვიანობა, როგორი ბრჭყალები აქვს… ყველაფერი სულერთია შენთვის“.

„ადამიანმა თუ არ იჩქარა, თუ დღესვე არ მიიღო დღეს მისაღები, ხვალ გვიან იქნება და ისეთივე ხელცარიელი, გულცარიელი და თავცარიელი გაბრუნდება უკანვე, მოუსვლელში, ჯანდაბაში, როგორიც იქიდან მოვიდა“.

„არყოფნა მაშინ იწყება, როცა დედის ხმას დაივიწყებ, დაკარგავ, ანდა, როცა დედის ხმა თავისი ნებით და სურვილით წავა შენგან“.

„უნდილი კაცის ცოლობაზე დიდი სასჯელი ჯერ არ მოუგონია ღმერთს ქალისთვის“.

„ადამიანი სინდისია. სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება. მაგრამ სინდისი რომ წაართვა და სხვა ყველაფერი დაუტოვო, ვეღარ იქნება ადამიანი“.

„სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ, სული იგივე სინდისია“.

„ადამიანი ბევრი რაღაცის ჯამია და ვერაფერზე იტყვის უარს, თუმცა, უარი შეიძლება თქვას, მაგრამ მოშორებით ვეღარ მოიშორებს, რაც გაჩენის დღიდან გადახდენია თავს, რაც შეუძენია თუ შეუძენინებიათ, რაც ჩაუდენია თუ ჩაუდენინებიათ – გუშინდელმა ისევე უნდა აგოს პასუხი დღევანდელზე, როგორც დღევანდელმა – გუშინდელზე, ორივემ ერთად კი – ხვალინდელზე“.Chiladze-Otar

„შიშის დაძლევა და ტკივილის მოთმენაა სწორედ ვაჟკაცობა, თორემ, არაფრის შიში თუ არა გაქვს და არავითარი გრძნობა არ გაგაჩნია, არც ადამიანი ყოფილხარ და, აქედან გამომდინარე, არავისთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, გულადი იქნები თუ მხდალი“.

„ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთვარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შექმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს“.

„ქალი მაშინაა ბედნიერი, როცა ქმარ-შვილის ქვეშევრდომია. იმიტომ რომ, ნებაყოფლობითი ქვეშევრდომობა იგივე სიყვარულია. რომ გიყვარს, იმიტომ ემსახურები და არა იმიტომ, ქალის ხვედრი როა ასეთი, როგორც ზოგიერთები ამბობენ“.

„კაცი ჯერ თავს უკვდება, მაგრამ საბოლოოდ, სამუდამოდ მაშინ კვდება, როცა ყველა დაივიწყებს, როცა ყველასთვის სულერთია, მკვდარია თუ ცოცხალი. მკვდარს თუ გამხსენებელი ყავს, თავისი მომავალიც აქვს. გამხსენებელთან ერთად გადადის ხვალინდელ დღეში. ყველაზე მწარე სიკვდილი, სწორედ, უმომავლო სიკვდილია“.

„ადამიანის ფიქრი და ოცნება მოითხოვს სივრცეს და არა თავად ადამიანი“.

„ადამიანი განუწყვეტლივ ირჩევს რაღაცას, მაგრამ იმდენად მერყევია მისი ბუნება, ისე მალე ეცვლება აზრი, შეხედულება თუ სურვილი – ბოლოს აღარაფერი შერჩება ხოლმე ხელში“.

„დამთავრდა, გაუქმდა და გაუფასურდა ყველაფერი, რითაც აქამდე სულდგმულობდით, რაზეც აქამდე თვალი და ხელი მიგიწვდებოდათ და რასაც აქამდე საერთოდ არ ედო თქვენთვის ფასი. ამიტომაც არ გაგაჩნია არაფერი საკუთარი, უპოვარი ხარ, ის ერთი ბეწო ადგილიღა ადასტურებს შენს არსებობას, გაურკვევლობის წყვდიადში რომ გიკავია და უსასრულო, უკიდეგანო სამყაროს ტოლფარდია შენთვის, რადგან თავისუფლად ეტევა ზედ მთელი შენი ცხოვრება, ყველაფერი, რაც შენიანებს, შენიანად, დღემდე გადახდენიათ და ჯერ კიდევ უნდა გადახდეთ თავს – ისაა ერთადერთი დასაშვები და სასურველი ადგილი, სადაც ყოველ წუთას მზადა ხარ ნებისმიერ უბედურებასთან საბრძოლველად და სადაც, მიუხედავად ყველაფრისა, ანდა, სწორედ ყველაფრის გამო, შემაძრწუნებლადა ხარ ბედნიერი, და თუკი იმას მაინც შეგინარჩუნებენ, მადლობელი იქნები, დიდი მადლობელი იქნები ბედისა, ქვეყნისა, ხალხისა, ყველასი და ყველაფრისა – ჯერჯერობით, ეს შეგიძლია მხოლოდ, მარადიული მადლობის თვალაუწვდენელ, დამაყრუებლად მოგუგუნე კოცონს შეემატო, შეეკეთო ფიჩხივით, ნაფოტივით. ამიტომ, უსიტყვოდ უნდა მიიღო, რასაც ცხოვრება გიწყალობებს, თვალდახუჭულმა უნდა მიიღო, რადგან მაინც ვერ აუქცევ გვერდს იმას, რაც არ გსიამოვნებს და მაინც ვერ მიეახლები იმას, რაც გსურს“.

„მახსოვრობა იგივე სასჯელია, ბუნებისგან დადგენილი, უვიცობისთვის, უმეცრებისთვის, მიუხვედრელობისთვის. ხოლო, თუ გაწყრა ღმერთი და დაივიწყა, ეს უკვე საყოველთაო უბედურების ნიშანია და, პირველ რიგში, ადამიანის გადაგვარების მაუწყებელი“.

e1839de18397e18390e183a0-e183ade18398e1839ae18390e183abe18394„ხალხისაგან განსხვავებით, სიცოცხლის შენარჩუნებაზე მეტად, იმაზე უნდა იზრუნოს ადამიანმა, ადამიანად შობილი, ადამიანადვე რომ წავიდეს ამ ქვეყნიდან. ხალხი თუ სიცოცხლეს ინახავს, როგორც ნაცარი – ნაღვერდალს, ადამიანი სიცოცხლის აზრს, ანუ, იმ ნაღვერდალში ჩაბუდებულ ცეცხლს განასახიერებს, ალივით. ამიტომ, არაფერი არ უნდა დათმოს, რაც მის ადამიანობას ადასტურებს და რისი შენარჩუნებაც, ენით აუწერელი ტანჯვის საფასურად შეუძლია მხოლოდ“.

„რაც გიყვარს, სიყვარულის გამო უნდა გიყვარდეს მხოლოდ და რაც გძულს, ისიც სიყვარულის გამო უნდა გძულდეს“.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s