Archive for the ‘ალექსანდრე ბლოკი’ Category

ალექსანდრე ბლოკი

ალექსანდრე ბლოკი

როცა ამქვეყნად დაგივიწყებენ,
როცა დარდები შემოგაწვება,
და ყველაფერი რაც კი გხიბლავდა,
საფლავის ქვის ქვეშ ნელა გაქრება;
როცა ქალაქის მოკირწყლულ გზებზე,
თითქოს დაგადეს ფეხზე ხუნდები,
ღონემიხდილი, უტყვი, სნეული,
შებინდებისას სახლში ბრუნდები.
გზად შეისვენე სულ ერთი წამით
და მოუსმინე სიჩუმეს ღამის:
სმენით შეიცნობ სულ სხვა ცხოვრებას,
რომელიც დღისით ვერ შეიცანი;
სულ ახლებურად შეხედავ ირგვლივ
თოვლიან ქუჩებს, კვამლს რუხს და მწარეს,
თეთრ, მიტოვებულ, მოუვლელ ბაღნარს,
დღის მომლოდინე მწუხარე ღამეს;
იისფერ ზეცას – ამ ბრძენ წიგნთაწიგნს;
სულში იპოვი შენ უფრო მეტსაც:
მოხუცი დედის დაღარულ სახეს;
ამ უბადლო წამს ისევ გაკრთება –
ეს დამქანცველი ყინვა-სიცივე,
და მინა ჭირხლით უცხოდ ნაქარგი,
მადლიერ გულში ისევ აღდგება
ტრფობა, დიდი ხნის წინ დანაკარგი –
იცნობ სამყაროს უსასრულობას,
და მთელ ქვეყანას გინდა ახარო,
რასაც შეიცნობ და აღიარებ –
რომ მშვენიერი ჩვენ გვაქვს სამყარო.

Advertisements
ალექსანდრე ბლოკი

ალექსანდრე ბლოკი

გაზაფხულის მიმწუხრია, ბინდდება,
შემეხება ტალღა ღამის სიგრილით,
გული რაღაც საოცრებას მპირდება,
ნაპირს ზვირთი გადაუვლის სირბილით.

მესმის მღერა შორეთიდან მოსული,
ისე ჩუმი, ვერც კი გამირკვევია,
თითქოს მოთქვამს იქ ვიღაც მარტოსული,
ხმას გაღმიდან სივრცე გაურღვევია.

ნუთუ ჩემი საიდუმლო ახდება,
ნუთუ შენ ხარ, შენ მეძახი შორეთში?
მიქანაობს ნავი, ტალღებს აწყდება,
თითქოს ლანდმაც გაიელვა მორევში.

გული ისევ საოცრებას დამპირდა,
ვიღაც მოდის! – გავიქცევი, დავხვდები,
შეძახილი ისევ გაღმა ნაპირთან,
გაზაფხულის მიმწუხრია, ლანდები.

ალექსანდრე ბლოკი

ალექსანდრე ბლოკი

რა საჭიროა გემები, დაღლა,
კონცხი სიბნელემ წაშალა დღესაც.
მოცისფრო თოვლის ქსოვილზე ახლაც,
პირობით ნიშანს ვკითხულობ შენსას.

ქარბუქში ისევ ისმის შენი ხმა,
სცვივათ ვარსკვლავებს ფერფლი ყინულის.
ღამით ნავები ბინდმა შენიღბა
და აღარაა ჩემთვის ხილული.

ჩემი ხვედრია, სხვას არას დავეძებ,
თოვლში და სუსხში უნდა ვიწვალო,
რომ სანაპიროს თოვლიან ველზე,
ამ ქარიშხალში გარდავიცვალო.

რადგან არ მესმის ცოცხალი ბინდის,
მე რომ წამართვა შენი სხეული.
თოვლის სიზმარში ცხოვრება მიდის,
რომელშიც შენ ხარ გამომწყვდეული.

ალექსანდრე ბლოკი

ალექსანდრე ბლოკი

არის წუთები, როს არ გვახელებს
ჩვენი ცხოვრების ელვა და თქეში,
ვიღაცა მხრებზე დაგაწყობს ხელებს,
ვიღაც ჩაგხედავს გრძნობით თვალებში.

და იმავე წამს უფსკრულს ეშვება
ყოველდღიური ჩვენი რუტინა,
და ცისარტყელად მოსული შვება,
სიჩუმით ხევზე, ხიდს სდებს უჩინარს.

მოვა მუსიკა, როგორც ნუგეში,
ქნარის ჰანგები მოიტანს იმედს,
გამოაღვიძებს სადღაც უბეში,
ჩვენი სულების დაჭიმულ სიმებს.

ალექსანდრე ბლოკი

ალექსანდრე ბლოკი

წამებს ვიჭერდით მწარე ნაღველის,
ჩვენ, მიმავალნი მოლიპულ გზაზე.
რომ სიხარულის წუთები გველის,
ჩვენ უარვყავით და დავრჩით ასე.

როცა დავცილდით,წარსულიც მაშინ
დავივიწყეთ და აღარც-კი ველით.
ბედნიერებას ვსვამთ სავსე თასით,
არ გამოჩნდება სანამდის ფსკერი.

ოდესმე ბოლო მოტკბო წვეთებით,
ჩვენ შეგვატაკებს ერთმანეთს ბედი.
ერთ სიყვარულად ჩავიღვენთებით,
თუნდაც საათით ვიქნებით ერთნი.

ალექსანდრე ბლოკი

ალექსანდრე ბლოკი

შენ არასოდეს არ იქნები ჩემი ან სხვისი,
აი, რამ შემძრა და უფსკრულთან რისთვის მოვედი,
უძირო დღეთა სიმძიმისგან ვერავინ მიხსნის,
აი, რატომ ვარ შენი ტყვე და შენი პოეტი.

აქ ჩანს ქალური უარყოფის მკაცრი ნიშანი
და საოცარი სილამაზე მიუწვდომელი,
იქ უსასრულო სამყარონი გადაიშალა,
მოჟონავს სული ჰარმონიის შეუცნობელის.

იმღამინდელი ჩემი ღელვა, ბნელი დარბაზი, –
აი, საბრალოვ, რატომ ვფიქრობ და მედარდები,
აი, გზაში ვინ დამადევნა მზერა ლამაზი,
ვინ დამაეჭვა, ტყვედ მაქცია იმ მოლანდების.

თავისუფალო, შენ მიფრინავ და არას ითხოვ
და უორბიტო სივრცეების შენ ხარ ცთომილი,
შენთვის სამყარო მოწითალო კვამლია თითქოს,
იქ რაღაც იწვის, რაღაც შფოთავს შეუცნობელი.

და იმ ბრწყინვაში მომნუსხველი შენი ხმა ისმის,
მხოლოდ მუსიკა, – არც თანხმობა და არც ღალატი,
მხოლოდ მუსიკა, – არც წუხილი და არც ხალისი,
მეც ასეთი ვარ, მეყვარები, კარმენ, მარადის.

ალექსანდრე ბლოკი

ალექსანდრე ბლოკი

რატომ მივილტვი სიკვდილისაკენ,
ბედის სიმუხთლით განაწამები?
იქნება მთელი ჩემი სიცოცხლე,
არის სასჯელის, გრძელი წამები?

მიყვარს სიცოცხლე, თუმც არ მაქვს ბედი,
გულს არაფერი არ უხარია.
შორით კიაფობს სინათლის სვეტი,
ის გამიმთელებს ამ გულს, ბზარიანს.

იქნებ ლანდია, ის შუქი შორით!
და ალბათ მე იქ, არც კი მელიან!
თუმც იმ სინათლეს გავყურებ ძრწოლვით,
მისი სხივები მშვენიერია.