Archive for the ‘სერგეი ესენინი’ Category

სერგეი ესენინი

სერგეი ესენინი

ვინა ვარ? რა ვარ? – ვარ მეოცნებე,
თვალთა სილურჯის ბნელში მკარგავი
და ეს ცხოვრებაც ისე ვიცხოვრე,
როგორც მის გარდა სხვები მრავალი.

ხო და შენც გკოცნი, მიჩვევით, ისე,
როგორც შენამდე მრავალი ვკოცნე
და ვიმეორებ: „მიყვარხარ“ მქისედ,
ვით ნამეორებს მრავალჯერ ლოცვებს.

მე ჩაგჩურჩულებ გულსგარეთ, ყურში,
– „ჩემი სუნთქვა ხარ,“ „ჩემი ნდომა ხარ“,
თუ გააღვივებ ვნებას ჩემს გულში,
სიმართლეს უკვე ვეღარ მონახავ.

ამიტომ ამ გულს აღარ დავიფლეთ,
ცეცხლს მინთებ, მაგრამ მითხარი რისთვის?!
თუ ტანკენარავ ჩემო, ალვის ხევ
მოვლენილი ხარ ჩემთვის და სხვისთვის.

და თუმცა სხვასთან ვენაწყლიანობ,
სხვის ტყვეობაში ვეწამე ბევრი,
შენზე არასდროს არ ვეჭვიანობ,
ისიც იცოდე, არასდროს გწყევლი.

ვინა ვარ? რა ვარ? ალბათ სინდბადი
თვალთა სილურჯის ბნელში მკარგავი
მთელი ცხოვრება მე შენ მიყვარდი,
ისევე როგორც სხვები მრავალი.

Advertisements
სერგეი ესენინი

სერგეი ესენინი

ახალ ტკივილს და საწუხარს ახალს 
ვიმატებ, როცა დიდხანს გიცქერი. 
ამ შემოდგომამ შემოგვინახა 
უტყვი ტირიფის სპილენძისფერი. 

სულ სხვას აჩუქე, სულ სხვას აგემე 
შენი სხეულის ფაქიზი თრთოლა. 
თითქოს შეფარვით შენი სულიდან 
ისევ მოწვიმა, ისევ მოთოვა. 

დღეს აღარაფრის არ მეშინია. 
სხვა სიხარული უკვე მეწვია. 
დრო ყველა სხეულს გაავერანებს, 
ნესტი დაალპობს და შეჭამს ჭია. 

ამქვეყნად, კარგო, მე არ ვცდილობდი, 
მქონოდა დღენი ლაღი და ტკბილი. 
თურმე მცირედი გზა გამივლია 
და ბევრი ცოდვა მაქვს ჩადენილი. 

უცნაურია ჩვენი ცხოვრება. 
ასე ყოფილა, იქნება ასე. 
არყის ხეები აყვავებულა 
და გაფოთლილა ძმათა საფლავზე. 

ჩვენც ვიშრიალებთ მაღალ ხეებად, 
ასე სცოდნიათ მათაც გართობა. 
არა ყვავიან ზამთარში ვარდნი, 
მაგრამ არ ვტირით ჩვენ უვარდობას.

სერგეი ესენინი

სერგეი ესენინი

თქვენ კარგად გახსოვთ, ყოველი გახსოვთ,
აღელვებული პირველად გნახეთ,
მე კი ვიდექი კედელთან ახლოს,
პირში მახლიდით რაღაცას მკვახედ.

ამბობდით: დროა, დავშორდეთ უნდა,
რომ გაგაწამეთ და არ გეშვებით.
თქვენ გსურთ, რომ საქმეს კვლავ დაუბრუნდეთ,
მე სხვა ხვედრი მაქვს – თავქვე ვეშვები.

თქვენ არ გიყვარდით! ამ ხალხის ბრბოში
ხელი ერთხელ არ გამომიწოდეთ.
ვიყავი, როგორც ულაყი დოღში…
თქვენ, საყვარელო, ეს არ იცოდით.

თქვენ არ იცოდით, ყოფიერება
გაურკვევლობის ბურუსში მხვევდა.
ვერ ვიგებ, ბედი სად გვერეკება
და ამის გამო გულს მაწევს სევდა.

ვერ ხედავ სახეს, თუ ახლოს დგები.
დაშორდები და – სხვა სახეს მოჰგავს.
სავალალოა მცურავი გემი,
ზღვის ზედაპირი როდესაც ბორგავს.

ჩვენი ქვეყანა – გემია! ზღვაში,
ვიღაცამ მკვეთრად უცვალა კურსი.
ქარის გრიალში, ტალღების ხმაში
ახალ ცხოვრებას დაეძებს რუსი.

არის კი ვინმე, ღელვას გამოსცდეს,
გემბანს რომ ერთხელ არ დაენარცხოს?
ცოტას შეხვდებით, მხნეს და გამოცდილს,
არ შედრკეს, რყევა ბევრი ენახოს.

ასეთ დროს ხალხის აურზაურში,
როცა ყვირილს და ხმაურს არ წყვეტდნენ,
დავეშვებოდი გემის ტრიუმში,
რომ არ მეცქირა, როგორ არწყევდნენ.

ტრიუმში – რუსულ სამიკიტნოში,
ჭიქას ჭიქაზე ზედიზედ ვცლიდი.
თავი ჩამეხრჩო, მსურდა, ღვინოში,
ტანჯვის ჩახშობას სასმელში ვცდიდი.

ო, საყვარელო! გტანჯეთ, გაწამეთ,
დაღლილ თვალებში გედგათ ნაღველი:
თავად ვარჩიე, განა დამწამეთ,
შფოთისთავის და ლოთის სახელი.

თუმც, არ იცოდით, ყოფიერება
გაურკვევლობის ბურუსში გვახვევს.
ვერ ვიგებ, ბედი სად გვერეკება,
ეს მტანჯავს, მიტომ ვერ ვაქრობ ნაღველს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სხვა ასაკში ვარ, გავიდა წლები.
სხვას ვფიქრობ, გულში სხვა განცდა დგება,
და ვამბობ, როცა სუფრასთან ვჯდები:
მესაჭეს უნდა შევასხათ ქება!

ვგრძნობ მოზღვავებას ნაზი გრძნობების.
გიხსენებთ ახლა მოწყენილს, დაღლილს.
ვჩქარობ, მოგწეროთ ჩემზე ცნობები,
რა ვიყავი და როგორი გავხდი!

მე, საყვარელო, მახარებს გითხრათ:
არ ჩავიჩეხე ხრამში მაღლიდან,
და დღეს, ბნელში რომ ვიყავი დიდხანს,
საბჭოთა ქვეყნის თანამგზავრი ვარ.

ის აღარა ვარ, რაც წარსულ დროში.
არ გაგაწამებთ ისე, ვით მაშინ.
თავისუფლების და შრომის დროშით
მზად ვარ, გავცურო თუნდაც ლა-მანში.

გთხოვთ, მაპატიეთ… ვიცი, ის არ ხართ –
ცხოვრობთ სხვაგვარად – კარგად თუ ავად,
თქვენს სერიოზულ, გონიერ ქმართან.
არც ტანჯვა გინდათ, აღარც მე თავად.

იცხოვრეთ, მიჰყევთ თქვენს ბედის ვარსკვლავს,
მე ჩამოგშორდით და დაგეხსენით.
არ დაგივიწყებთ, მოგიძღვნით სალამს
თქვენი ნაცნობი ს ე რ გ ე ი ე ს ე ნ ი ნ ი …

სერგეი ესენინი

სერგეი ესენინი

შენ ცოცხალი ხარ, მოხუცო ჩემო?
მეც ცოცხალი ვარ და გითვლი სალამს!
დე, გააბრწყინოს მაგ ქოხის ზემოთ
საღამოს უცხო ნათელი ცამან.

მწერენ, რომ თითქოს წუხილის მალვით
და მოწყენილი ჩემს გამო ძლიერ,
დადიხარ ხშირად თემშარის გავლით,
შუშუნში, სადას რომ გმატებს იერს.

და რომ საღამოს იისფერ ქუფრში
შენს თვალწინ მძიმე ხილვები დგანან:
თითქოს ვიღაცამ მთვრალების ჩხუბში
გულისქვეშ ჩამცა ფინური დანა.

არაფერია! დაიცხრე შფოთი,
ეგ მხოლოდ მწარე ფიქრები მოგდევს,
რა უსაშველო მე კი ვარ ლოთი,
რომ შენ არ გნახო და ისე მოვკვდე.

სულს ადრინდელი სინაზე არხევს
და ახლა ვნატრობ მე მხოლოდ იმას,
რომ გამოვექცე დამღუპველ ნაღველს
და შევეფარო ჩვენს მყუდრო ბინას.

მე მოვალ, როცა მაისის დამდეგს
გაბარჯღავს რტოებს ძვირფასი ბაღი,
ნუ გამაღვიძებ ძალიან ადრე,
ვით მაშინ, როცა ვიყავი ბალღი.

ნუ გამიღვიძებ ოცნებას გამქრალს,
ნუ შემიშფოთებ არ ახდა რაიც,
რა ნაადრევი ტანჯვა და დაღლა
მე გამოვცადე ამქვეყნად, მაინც.

ნუ ცდილობ ლოცვით დაიხსნა შვილი!
არ დაბრუნდება წარსული უკან.
შენღა ხარ ჩემი ნუგეში ტკბილი,
შემორჩენილი ჩაუმქრალ შუქად.

მაშ, დაივიწყე წუხილის მალვით,
რომ მოიწყინე ჩემს გამო ძლიერ,
ნუ ივლი ხშირად თემშარის გავლით,
შუშუნში, სადას რომ გმატებს იერს.
1924 წ.

სერგეი ესენინი

სერგეი ესენინი

კვლავ ძველებურად
იცხოვრე, დედი.
გიყვარვარ, ვიცი,
გახსოვარ, მნატრობ.
თუმც, ვერ გაიგებ –
ასეთი ხვედრი
რად მერგო, ვცხოვრობ
ამგვარად რატომ.

მანდ ზამთარია.
მთვარიან ღამეს
ვიცი, რომ გულში
გაივლებ, თითქოს
გარეთ ვიღაცა
შოთხვის ხეს არხევს
და ფანჯარასთან
ჩამოყრის ფიფქებს.

ო, ამ ქარბუქში
ვით დაიძინებ?
საკვამურ მილებს
ქარი აბღავლებს.
გინდა წამოწვე,
საწოლს ეძიებ…
ხედავ – კუბოა
და შენ გმარხავენ.

მედავითნენი
თითქოს ათასნი –
გალობს დუდღუნით
ქარი-მსტოვარი!
ცვივა ფიფქები,
კუბოს თავთან კი
არც ცოლია და
არც მეგობარი.

მე გაზაფხული
მიყვარს უფრორე.
მიყვარს, ტალღებად
მომსკდარ ნაკადებს
რომ გასცქერი და
თვალს ვერ უტოლებ,
თითქოს ხომალდებს
რომ მოაქანებს.

თუმც, იმ გაზაფხულს,
რომელიც მიყვარს,
რევოლუციის
სახელს ვუწოდებ.
მხოლოდ მის გამო
თუ ვებრძვი სიტყვას,
მას მოველი და
მას მოვუწოდებ.

ჯერ კი სიბილწე
გვახრჩობს, არ გვინდობს!
ჯერ არ იცვლება
ირგვლივ ამინდი!
სული მიშფოთავს,
სწორედ ამიტომ,
სმასა და ჩხუბში
ზღვარს გადავედი.

მაგრამ, ძვირფასო,
მოვა ის წამი,
მოვა ნანატრი ხანა, გჯეროდეს!
ერთს ზარბაზანი,
ამას – კალამი
განა ტყუილად
უნდა სჭეროდა.

ნუ ჩაიქნიე
ამაოდ ხელი.
ფული?! დაღუპვა?!
ეს შენ მწერ მაგას?
ძროხა ხომ არ ვარ,
ვირი ან ცხენი,
რომ გამდენონ და
მომწყვიტონ ბაგას.

თავად გამოვალ,
დრო რომ დადგება,
როცა პლანეტას
შეძრავს გასროლა.
გიყიდი თავშალს,
გამოგადგება,
მამას ვუყიდი
რამეს, სახსოვრად.

ჯერ კი – ბუქია,
ვით მედავითნე –
გალობს დუდღუნით
ქარი-მსტოვარი!
ცვივა ფიფქები,
კუბოს თავთან კი
არც ცოლია და
არც მეგობარი..

სერგეი ესენინი

სერგეი ესენინი

უკვე არ ვიცი
რა ვიფიქრო, დავწერო რაზე.
ჩემი ცხოვრების
განსასჯელად, როგორც სამხილი.
აგერ, აქ, ჩემს წინ,
გამოჩორკნილ ხის მაგიდაზე,
მიდევს წერილი
დედისაგან გამოგზავნილი.

მწერს: „გენაცვალე,
არ გვაშორებს დიდი სავალი,
თუ შეგიძლია,
საშობაოდ იქნებ გვეწვიო.
მიყიდე შალი,
მამაშენს კი – თბილი შარვალი.
ხელმოკლედა ვართ,
არც რა გვაქვს და არც რა გვაცვია.

საშინელია, სულ არ მომწონს,
რომ ხარ პოეტი.
ცუდი სახელი გაგვარდნია,
ხმა მომიტანეს.
ამას ნამდვილად,
არ სჭირდება მიეთ-მოეთი,
სჯობდა მინდორში
გემუშავა ბავშვობიდანვე.

მოვხუცდი უკვე
და ყოველდღე თავს ვგრძნობ შეუძლოდ,
მაგრამ თუკი შენ
კერიას არ გააციებდი,
არ ვიქნებოდით,
როგორცა ვართ, ახლა ჩვენ ურძლოდ
და ჩემს კალთაში
შვილიშვილსაც დავაძინებდი.

შენ კი შვილები
მიატოვე, ბედს მიაბარე
და შენი ცოლიც
სულ იოლად სხვასთან გაუშვი.
ოჯახის გარეთ, უმეგობრო,
მიუსაფარი,
დროსტარების და უხამსობის
ფსკერზე დაეშვი.

ჩემო სიცოცხლევ, სიყვარულო,
რა გჭირს, მითხარი?
უწყინარი და თვინიერი
იყავი ძველად
და იმ წლებიდან
არ გასულა ჯერ დიდი ხანი,
რომ შენატროდა
ალექსანდრე ესენინს ყველა.

შენ იმედები გაგვიცრუე,
არ გაგვიმართლე,
სწორედ ამიტომ
მეწურება ტკივილით გული.
სულ ფუჭი იყო
მამაშენის ფიქრი იმაზე,
რომ შენს ლექსებში
უფრო მეტი მიგეღო ფული.

თუმცა, ხომ ვიცი,
რაც არ უნდა ბევრი აიღო,
სახლში შენ მისი
გამოგზავნა გაგიჭირდება.
მწარე სიმართლეს გეტყვი,
მაგრამ, შენი არ იყოს:
ვიცი, პოეტებს
ხელში ფული არ გიჩერდებათ.

საშინელია, სულ არ მომწონს,
რომ ხარ პოეტი.
ცუდი სახელი გაგვარდნია,
ხმა მომიტანეს.
ამას ნამდვილად,
არ სჭირდება მიეთ-მოეთი,
სჯობდა მინდორში
გემუშავა ბავშვობიდანვე.

თითქოს წყვდიადში
ვცხოვრობთ ახლა, გვაწევს ნაღველი,
არ გვყავს ცხენები.
აქ რომ იყო, შენ საკმარისად –
მაგ ჭკუის პატრონს –
გექნებოდა ფულიც, სახელიც,
თანამდებობაც
აღმასკომის თავმჯდომარისა.

მაშინ ჩვენს აუგს
არავის არ ვათქმევინებდით,
შენც დაღლილობას
ვერ იგრძნობდი მაშინ იმდენად.
შენს ცოლს სართავთან
დავსვამდი და ვართვევინებდი,
ჩვენ კი, შენს გვერდით,
გვექნებოდა წყნარი სიბერე.“
. . . . . . .
ვჭმუჭნი წერილს და
ვიძირები მწარე ფიქრებში.
ნუთუ ამ გზიდან
ვეღარ გავალ, ვეღარსად გავწევ?
მაგრამ ყველაფერს,
რას ვაპირებ, როგორ ვიქნები,
მოგვიანებით
საპასუხო წერილში დავწერ…

სერგეი ესენინი

სერგეი ესენინი

ცისფერი საღამო, მთვარისგან ნაშუქი…
ვიყავი ოდესღაც ლამაზი, ჭაბუკი.

ჟამი გარდასული, დაუოკებელი…
გვერდით ჩამიარა… შორს დარჩა ყოველი…

ჩაქრა თვალები და გული მკვდარი არის…
ცისფერი ოცნება! ღამე მთვარიანი!.