Archive for the ‘იოსებ ბროდსკი’ Category

იოსებ ბროდსკი

იოსებ ბროდსკი

და ისევ ბრძოლა.
სიზმარში თუ ნახავ სიმშვიდეს.
არ გამეფანტოს
მე იმ სიზმრის ჭრელი ფერები.
ჭაღარა ღამე.
ახლა დაღლილ, მთვლემარე ჩიტებს
ლურჯი სიჩუმე ანანავებს და ეფერება.

კვლავ შეტევები.
თავს დამტყდარი დილიდან მეხად.
ტყვიები, მღერა
რომ დათმეს და იწყეს წივილი,
გვიკიჟინებდნენ –
უკვდავებაც არსებობს ქვეყნად.
…გადარჩენაზე ფიქრი გვდევდა ჩვენ აჩრდილივით.

პატიებას გთხოვთ.
დავიხარჯეთ ბოლო წვეთამდე,
და ეს სამყაროც
ბრუსტვერს გავდა, როგორც ვიხსენებ.
გული გვერჩოდა,
ვფრუტუნებდით, ვშფოთავდით რამდენს
როგორც სჩვევიათ
ტყვიის თქეშში მოხვედრილ ცხენებს.

…უთხარით… იქ… რომ
გვინდა ძილი, სიწყნარე, შვება.
გვაცალეთ,
ახლა მაინც ვნახოთ სიზმრები ჭრელი.
…რა შეიცვალა,
თუ დავუთმეთ სხვებს გამარჯვება?
რა შეიცვალა,
დაბრუნება თუ ვერ შევძელით?
მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე

იოსებ ბროდსკი

იოსებ ბროდსკი

კი არ ვგიჟდები, ამ ზაფხულმა დამღალა უფრო.
დღე დაკარგულა, სანამ ძებნე პერანგი თალხი.
მალე მოვიდეს, გადაფაროს ზამთარმა ქუფრმა –
ჯერ ეს სიმწვანე, ქალაქები, სახლები, ხალხი.

მე სხვისი წიგნის შუაგზიდან დავიწყებ კითხვას,
ან გაუხდელად დავიძინებ, ჩამოვდებ კეფას,
დარჩენილი დრო ბრმისგან წასულ ურჩი ლეკვივით
სანამ გადაკვეთს გზას მწვანეზე. თავისუფლება –

როცა ტირანის გავიწყდება მამის სახელი,
როცა ნერწყვსაც კი გემო დაჰკრავს ხალვაზე ტკბილი,
და თუმცა ტვინი ცხვრის რქასავით გადაგრეხილა,
ლურჯ თვალებს მაინც არ მოსწყდებათ ცრემლი წუხილის.

მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე

იოსებ ბროდსკი

იოსებ ბროდსკი

ფერფლმა თუ იცის მხოლოდ სრული დაწვის სიმწარე.
მეც ვიტყვი და წინ გავიხედავ ბეცი, უთავო:
ვერც ქარი შეძლებს და ვერც ცოცხი მიყრილი გარეთ
ეს ნაგავი და სიბინძურე დაასუფთაოს.

ჩვენ მაინც ვრჩებით მთლად დასრესილ ნამწვად უხეშად,
ნერწყვად სკამის ქვეშ, სად მზის სხივით არარა იწვის,
ჩაფლულები ვართ ნეხვში, ლაფში, სიბინძურეში,
და დღეებს ვითვლით სიმყრალეში კულტურული წრის.

არქეოლოგი ამ სიბილწის სარწყევად უკვე
პირს აღებს; მისი აღმოჩენა მოივლის მალე
ქვეყანას, როგორც პირამიდის ვერსია უკუ,
და ჩამარხული ღრმად მიწაში ვნება მხურვალე.

„მძორი!“ – იბღავლებს და წაიღებს ხელებს მუცლისკენ,
ჩვენ დაგვშორდება, ვით ჩიტს მიწა, მისი აკლება,
მძორს – ხომ მთელისგან, უჯრედისგან თავისუფლება
მიცემული აქვს – აპოთეოზს ნაწილაკების.

მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე

იოსებ ბროდსკი

იოსებ ბროდსკი

„ცა იყო თეთრი, მის ფეხებზე უფრო ელვარე,
და ვერ შეერთო, ვერ შეუღო მან ბნელეთს კარი“.
შებინდებისას, იმ საღამოს კოცონის გვერდით
ჩვენ დავინახეთ შავზე შავი ულაყი ერთი.

მე არ მინახავს ფერი შავი იმაზე უფრო.
მისი ფეხები იყო როგორც ნახშირი, ქუფრი.
სიცარიელის და წყვდიადის იყო სადარი.
კუპრივით იყო მისი კუდი, მისი ფაფარი.
ზურგზე კი ედო მას სიშავის სხვა ელვარება,
ზურგს უნაგირი რომ არასდროს არ ეკარება.
გაქვავებული იდგა, თითქო ძილს მისცა თავი.
შეაშინებდა ნებისმიერს ფლოქვები შავი.
განაგრძე კითხვა…

იოსებ ბროდსკი

იოსებ ბროდსკი

სამოთხის იდეა ადამიანური აზროვნების ლოგიკურ დასასრულს წარმოადგენს იმ გაგებით, რომ უფრო შორს ეს აზროვნება ვერ მიდის; რადგანაც აღარაფერია სამოთხის მიღმა, აღარაფერი ხდება. და ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ სამოთხე – ჩიხია; ესაა უკანასკნელი თვალის შევლება სივრცეზე, საგნის დასასრული, მთის მწვერვალი, პიკი, საიდანაც ვეღარსად გადააბიჯებ, მხოლოდ ქრონოსში – სწორედ ამიტომაც შემოჰყავთ ხოლმე მარადიული ცხოვრების ცნება. იგივე შეიძლება ითქვას ჯოჯოხეთის შესახებაც.
ჩიხში ყოფიერება არაფრით არაა შეზღუდული და თუკი წარმოვიდგენთ, რომ იგი იქაც განსაზღვრავს ცნობიერებას და თავის საკუთარ ფსიქოლოგიას უდებს სათავეს, აღმოჩნდება, რომ ეს ფსიქოლოგია, უპირველეს ყოვლისა, ენაში გამოიხატება. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ სასურველ თუ უკვე მოპოვებულ უტოპიაზე საუბრების პირველ მსხვერპლად გრამატიკა იქცევა ხოლმე, რადგანაც ენა, როცა აზრს ვერ მისდევს, კავშირებით კილოში ინთქმება და ზედროული კატეგორიებისა და კონსტრუქციებისკენ ილტვის; ამის შედეგად, ყველაზე მარტივ არსებით სახელებსაც ფეხქვეშ ნიადაგი ეცლებათ და მათ გარშემო პირობითობის ორეოლი ჩნდება.
ჩემი აზრით, ამგვარია ანდრეი პლატონოვის ენა. წარმატებით შეიძლება ითქვას, რომ მას რუსული ენა აზრობრივ ჩიხში შეჰყავს, ან (უფრო ზუსტად) თავად ენაში ამჟღავნებს ჩიხის ფილოსოფიას. თუკი ეს გამონათქვამი სანახევროდ მაინცაა მართებული, მაშინ პლატონოვი ჩვენი დროის უდიდეს მწერლად უნდა ვაღიაროთ, რადგანაც გრამატიკაში აბსურდის არსებობა პირად ტრაგედიაზე კი არა, მთლიანად ადამიანური რასის ტრაგედიაზე მიანიშნებს.
ჩვენს დროში მიღებული არაა მწერლის განხილვა სოციალური კონტექსტისგან მოწყვეტით და პლატონოვიც ყველაზე შესაფერისი ობიექტი იქნებოდა ამგვარი ანალიზისთვის, რომ არა ენისადმი მისი დამოკიდებულება, რომელიც გასცდა იმ უტოპიის (რუსეთში სოციალიზმის მშენებლობა) საზღვრებს, რისი მოწმეცა და მემატიანეც პლატონოვი იყო “ქვაბულში”. „ქვაბული” ძალზე პირქუში ნაწარმოებია და მკითხველი დათრგუნული ხურავს წიგნს. იმ მომენტში ფსიქიკური ენერგიის ფიზიკურად გარდაქმნის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, წიგნის წაკითხვის შემდეგ, პირველ რიგში, არსებული მსოფლიო წყობა უნდა დაგვენგრია და ახალი დროება გამოგვეცხადებინა.
განაგრძე კითხვა…

იოსებ ბროდსკი

იოსებ ბროდსკი

მ.ბ.-ს

დღემდე მაჟრჟოლებს ისევ შენი ხმის გაგონება.
ბუნებრივია. ვინაიდან სიმები სახმო
ვერ დაწყვილდება შიშველ კუნთთან, ხუჭუჭა თმებთან,
ხელებში ტვირთთან, და ასაკში აღარც კი ნაღვლობ
საყვარელ ნივთის დაკარგვას და ჰაერთან შეხლა,
შენს უსხეულოდ აღებულ ხმას ვეღარ შელახავს,
და, ვაგლახ, ორი ჭირისაგან ბეცი გონება
ირჩევს უმეტესს: ერთხელ თქმულის გამეორებას.
მისგან ფხიზელ თავს რეტი ესხმის ძალიან დიდხანს
ფირფიტასავით ტრიალით და სიტყვების ლესვით,
თითი თითს უშლის – შეხორცებულ ხვეულებიდან
რომ ამოაგდო სამუდამოდ ნატეხი ნემსის –
თითქოს აძლევდე სალამს საცდურს ისეთი ფორმით –
როცა სიტყვები, როცა ტექსტი არ გაქვს საკმარი,
თუმცა მუსიკა ჭარბადაა, ბევრი უზომოდ.
იცი, რამდენი საგანია ერთურთთან მყარად
ისე შეკრულნი – რომ ბუნებას, რომელიც არის
ნამდვილი დედა და მშობელი და ა.შ. კიდევ
შეიძლებოდა გადაედგა ნაბიჯი მყარი,
რომ ერთმანეთთან შერწყმულიყო – ბუზი, შაქარი;
ფოკსტროტის ხმა და ქოლგა კაბის ფრიალა კიდე;
სულაც მე და შენ – ავეყვანეთ ჩვენ მიჩურინის
მიღწევების და შრომის რანგში. ეს უკვე ახლა
ქარიყლაპია ფერით მოჰგავს კონსერვის ქილას,
და მომარჯვებულ ვერცხლის ჩანგალს. ბუნება, ვაგლახ,
აშორიშორებს საგნებს, უმალ აპატარავებს;
ცხოველთა ზომა გაიხსენე შენ უწინდელი.
და ჩვენ კი მხოლოდ ნაწილი ვართ იმ დიდის, მთელის,
რომლისაგანაც ტელეფონის ზონარის მსგავსად
გამოდის ძაფი, ჩვენკენ ნელა მოიკლაკნება,
დინოზავრისგან ხერხემალს რომ დატოვებს მხოლოდ.
ორი დღის შემდეგ შეძლებ შენ ამ ნომრის აკრეფას,
მანამდე ვერა. და ამ ზონრის მეორე ბოლოს
კვლავ ინვალიდი უპოვარი გეპასუხება,
რომ დაუკარგავს ძმა, ხელ-ფეხი, სულის ნასახი –
ევოლუცია. ჩემთვის კი ამ ნომრის აკრეფა
ნიშნავს – ამოვძვრე წყლიდან ხმელზე და იქ დავსახლდე.
მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე

იოსებ ბროდსკი

იოსებ ბროდსკი

ჩემო ტელემაქ, ტროას ომი დასრულდა უკვე.
თუმცა არ მახსოვს ვინ დამარცხდა, ვინ გაიმარჯვა.
ალბათ ბერძნებმა: იცი, მხოლოდ მათ შეუძლიათ
დაყარონ ასე უპატრონოდ ამდენი გვამი…

და მაინც უკან, შინისაკენ მიმავალი გზა
აღმოჩნდა გრძელი უსაშველოდ, დაუსრულებლად,
სანამ ჩვენ ვკარგეთ ასე უქმად უამრავი დრო,
სივრცე გაჭიმა თითქოს მაშინ პოსეიდონმა.
განაგრძე კითხვა…

იოსებ ბროდსკი

იოსებ ბროდსკი

გთხოვ, ჩემი ჩრდილი მიიბარე. ვეღარ აგიხსნი.
აღარ წაშალო, მიიბარე. ახლა მჭირდება.
უკან ბუჩქებში ფაცი-ფუცი უკვე არ ისმის.
წავალ. ჩემს შემდეგ შენ დაგტოვებ დაუფიქრებლად.
კარგად, კედელო. მე წავედი. გასწვრივ რომ ყვავის
საავადმყოფოს, დავისზმრებ იმ ბუჩქთა წყებას.
ვეცდები მუდამ შევინახო ხსოვნა ამ ღამის.
უკანმოსახედს დავიტოვებ. ნუ გამიწყრები.

გთხოვ, მიიბარე. ნუღარ წაშლი ნატიფ ხელწერას.
შენთან არ მოვალ, რათა სიკვდილს შევხვდე შენს გვერდით.
შენც რომ არ მომთხოვ დაბრუნებას, ვიცი და მჯერა.
მგზავრი მოგეყრდნო? გაუღიმე, არ გიწყენს ღმერთი.
შენ ამბობ – კაცი ბუშტია და სული ძაფია.
ეს მე არა ვარ, უცხო ბავშვი შენ ახლა გიცქერს.
ამბობ – ამაღლდი, სად ფოთოლი ხეებს აბია.
მშვიდად მიყურებ, რომ ვეცემი ამ მიწას პირქვე.
განაგრძე კითხვა…