Archive for the ‘პ ო ე ზ ი ა’ Category

f7915805d943a906722e24cafe774cf6

(რატი კიკაჩეიშვილს)

ამბობდი: „ძმაო, აჯობებს ასე,
არ შეგვეშინდეს დიდი ცვლილების“,
მზემ გადაადნო ჩრდილები გზაზე,
რომ დაიბადონ ისევ ჩრდილები.

ამბობდი: „ძმაო, შორია გზამდე,
უნაპირობას ვუჩივით დღესაც…“
მაგრამ რაღაცის ხომ უნდა გვწამდეს,
როდესაც ასე ახლოა ზეცა!

შენ ჩემგან შორს ხარ და უფრო ახლოს
და უფრო ახლოს არ ჩანს არავინ,
გზააცდენილი მგზავრების სახლიც
არ ჩანს და სახლში დამრჩა კარავი.

დამეძინება ოდესმე ალბათ,
დამეძინება როცა იქნება,
ვერ მოიყვანა სიზმარი დაღლამ,
ვერც მოსაწყენმა ძველმა წიგნებმა.

გითხარი: „ბევრჯერ მინდოდა წასვლა…“
ნაფეხურები თოვლივით დნება,
ნაფეხურების არა ღირს გასვრა,
არა ღირს ვნებად, არც მოგონებად.

მერე მოვიდა სიზმარი თეთრი,
და ყველა ფერმა თავი დახარა,
და ჩემს სიზმარში იყავი ღმერთი,
მე კიდევ ერთი მთვრალი მასხარა.

f7915805d943a906722e24cafe774cf6

მეტი რა გინდათ, ხომ გაპატიეთ,
აქ ლეშის სუნი ასდის თქვენს სუფრებს,
აღარც რწმენაა, არც აპათია,
დიდი ხანია დაგვხვრიტეთ უკვე.

გვინდოდა რაღაც, ცოტა ნამდვილი,
და დავჩით მხოლოდ ფერმკრთალი სიზმრით,
არ გვესმის თქვენი მუნჯი ძახილი,
არ გვჯერა თქვენი უმიზნო მიზნის.

ჩვენ ბევრი ვნახეთ ომი, სიცივე
და სისხლის კვალი დაეტყოთ ზამთრებს,
იცით, ჩვენ აღარ გვინდა სიკვდილი,
დიდი ხანია სიცოცხლე დავთმეთ.

f7915805d943a906722e24cafe774cf6

ქალი ხალათში, ნივთებს ალაგებს,
ის თურმე წუხელ დასტოვა ქმარმა,
არ დაუტოვა თანაც ბარათი,
რადგან სიტყვების არასდროს სწამდა.

ხო, ქალიც წავა, არ სურს დარჩენა,
წავა, რომ მარტომ მოკლას ფიქრები,
ჩამოიღამეს უკვე ფანჯრებმა,
ალაგებს ჩანთას და სძულს ნივთები.

წავა, რადგანაც მაინც ხუნდება,
ადგილი, სახლი, ლოგინი, გრძნობა.
რაც იყო, მაინც არ დაბრუნდება,
მოვა სიბერე, ავადმყოფობა.

ხომ მაინც ბოლოს იღლები ყოფნით
თუ ბითურდება გიყვარდა რაცკი,
თურმე სადღაც შორს გავარდა თოფი,
სადღაც დაეცა უსულოდ კაცი.

f7915805d943a906722e24cafe774cf6

მე თქვენთან ახლოს, სულ ახლოს ვსახლობ,
და დილის სიზმარს წერილებს ვატან,
და არასოდეს არა ვარ მარტო,
ყოველთვის მაინც მარტო ვარ რადგან.

მე არ ვარ ბრძენი, არ ვარ მისანი,
არ ვგავარ მსხვერპლს და არ ვგავარ მწევარს,
და ჩემი თავი, როცა ვიცანი,
სიცილით მოვკვდი, მივხვდი – ეს მე ვარ!..

ხან თავს ვიცავ და ხან თავს ვაძალებ,
ხან წაიშლება, რაც შექმნა ცარცმაც,
არასწორია თუკი გავცვალე,
არასწორია უღმერთოდ ჯვარცმაც.

არასწორია წასვლაც, დარჩენაც,
არასწორია, რომ ვცოცხლობ თითქოს,
სულ ერთი წვეთი უნდა შადრევანს,
იგი სხვანაირ სიცოცხლეს ითხოვს.

Ioseb_Grishashvili

შენ გაირყვნები… აშკარა არი…
ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად.
შენი სხეული ნაქანდაკარი,
ხელიდან ხელში წავა ფარულად.

შენ გაირყვნები, როგორც ბიანკა,
მე ასე ვფიქრობ… მე ასე მჯერა…
შენ გაირყვნები… ო, ისე ტლანქად,
როგორც არავინ გარყვნილა ჯერა!

შეკვეთილ გრძნობით სხვის ვნებას დაღლი,
დაგეწურება მკერდი მტევნებად –
და სადაც წახვალ – ვით ქუჩის ძაღლი,
სიძვა მრუშება, აგედევნება.
განაგრძე კითხვა…

f7915805d943a906722e24cafe774cf6

არაფერს ვგმობ და არაფერს ვებრძვი,
და სიტყვით ვინღა უნდა ვაცდუნო,
სად არის ღერძი, მომეცით ღერძი,
დედამიწა რომ გადავაბრუნო.

რომ არაფერი აღარ შევცვალო
და დასალევიც უკვე დავლიე,
რომ აღარავინ არ შევიყვარო,
მხოლოდ ვუყურო ზეცას ცარიელს.

არაფერს ვამხელ, არაფერს განვსჯი,
არ მინდა რამეს ცილი დავწამო,
მე მარტო ვზივარ ჩემს მყუდრო სახლში
და გარეთ მოდის მყუდრო საღამო.

არაფერს ვცლი და არაფერს ვავსებ,
და არ ვარ ბოლო და არც პირველი,
ვინც იგონებდა სულელურ ზღაპრებს,
ვის ჯადოსნური სწამდა ფრინველი.

არაფერს ვგმობ და არაფერს ვებრძვი,
და არ მსურს ისევ თავი ვაცდუნო,
სად გაქრა ღერძი, მომეცით ღერძი,
დედამიწა რომ გადავაბრუნო.

f7915805d943a906722e24cafe774cf6

მენატრებოდა ცხოვრება მთელი,
ცხოვრება მთელი ჰგავდა არაფერს,
უძრავად იდგნენ დაღლილი მთები,
და ყვავილები ფანჯრის რაფაზე.

ენატრებოდათ ხმელეთი აფრებს,
ნაპირი ჩანდა შორს დიდებული,
უეცრად სადღაც სიტყევბი გაჰქრნენ
და დარჩა მხოლოდ შორისდებული.

ვიღაც ნატრობდა ზამთარში ბინას
და სახე ჰქონდა ცივი და სველი,
სხვა უდაბნოში ელოდა წვიმას,
ფიქრებში ღრუბლებს ჩასჭიდა ხელი.

მენატრებოდა ცხოვრება მთელი,
ცხოვრება მთელი ჰგავდა არაფერს,
სადღაც წავიდნენ დაღლილი მთები,
ყვავილიც გაქრა ფანჯრის რაფაზე.

f7915805d943a906722e24cafe774cf6

არა, მეგობარო, არა ღირს ცხოვრება,
არა ღირს ცხოვრება, რომც იყო ქრისტე,
არა ღირს ნუგეში თუ ყულფის მორგება,
არა ღირს!.. არა ღირს!.. რა გითხრა კიდევ.

არა, მეგობარო, არა ღირს ღიმილი,
მე ვიცი, ღიმილსაც დაახრჩობს ბოღმა,
არა ღირს, იცხოვრო ღმერთივით, ვირივით,
არა ღირს, იცხოვრო ფხიზელმა, ლოთმა.

არა, მეგობარო, არა ღირს სიმშვიდე,
არა ღირს იყვირო, გაჩუმდე მორცხვად,
არა ღირს სიყვარულს, სიხარულს იმკიდე,
ტალახში გასვრიან სიწრფელეს როცა.

არსებობს წამება, წამების სიჩქარით
შენს ხსოვნას ვაჩუქე ერთ-ერთი წამი,
ტკივილით, უაზროდ რაღაცა გითხარი
უშენო, თოვლიან, ყინვიან ღამით.

არა, მეგობარო, აქ აღარ დაბრუნდე,
აქ გაგეფანტება ოცნების ნიჭი,
ოცნება დაალპეს, წაბილწეს, გაქურდეს,
ცრემლსაც კი დაკარგავ ლამაზი ბიჭი.

416974_296140717122800_596594508_n

ტანზე ვნებების ცეცხლმა დათოვა,
სტუმრად მოვედი, გამიღე კარი.
როგორც ყოველთვის, ახლაც მარტო ვარ!
შენი პორტრეტის წინ ვდგავარ მთვრალი.

წვიმა, რომელმაც დილა დაიწყო,
მთელი თასები წვეთად დაცალა.
შემდეგ სხივებმა ფეხი აიწყო,
შენსკენ სავალი გზები მასწავლა.

სულ დარდიანი მოდის ღელვები,
ფოთლები ცვივა, ყვითლდება ბაღი,
ღამე აჩრდილებს ავედევნები,
რომ შენ გიპოვო ბავშვური, ლაღი.
განაგრძე კითხვა…

416974_296140717122800_596594508_n
თქვენ ჩემს სხეულში ტერენტი ნახეთ?

იქნებ გალაკტიონs შემადაროთ.
იქნებ მოისურვოთ და მერიც გახდეთ,
გალაკტიონივით თავი შემაყვაროთ.

მე მხოლოდ კოლხეთის მიწა მაბარია
და სტრიქონები ქარში მრავლდებიან.
ტერენტი? ტაბიძე? ღმერთო რა ამბავია.
რამდენი პოეტის სევდა დამტევია.

მე თუ სილამაზე,ლექსებში ვიპოვე
და სევდანარევად მომინდა წაკითხვა,
მინდა მიტოვებულ პოეტად მიცნობდე
და ამის გამო ნურასდროს გამკიცხავ.
განაგრძე კითხვა…

გიორგი ლეონიძე

გიორგი ლეონიძე

«…ერთი მეც გადავუქნიე,
წვერიმც ვუწვდინე მიწასა…»
მუხრანული

ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე, 
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად, 
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები…
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები…

მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!…

დავით გურამიშვილი
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;
მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

↘™ განაგრძე კითხვა…

რაფიელ ერისთავი

რაფიელ ერისთავი

სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, – ჩემი სამშობლო ის არი.
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი,
ორბი რომ ბუდობს, ჩაჩქარით გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი,
ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი…
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

ბარად რომ ვიყო ლაღადა, სული მთისაკენ იხარის,
სალი კლდე ანდამატივით გულს სულ იქითკენ იხარის,
იქ მიშობს შავი სიკვდილი, ბარში სიცოცხლეც იმწარის!..
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

ბარად რომ მომცე დიდება, ქონება უთვალავია,
სასახლე ოქროს ტახტითა, ჯარი და ზღვაზე ნავია,
არა ვინდომო ეგენი, არ მოკვდეს ჩემი თავია…
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,
ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორსავ თვალზედა,
როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა…
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..